დღეს გახდება ცნობილი დაუჭერს თუ არა მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს.
ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა 2016 წლის აპრილში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში თუ მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩია, უზენაეს სასამართლოში ვადის ამოწურვის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასაც დაკარგავს.
მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია. ლევან მურუსიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დაუჭერენ, ხოლო არამოსამართლე წევრებზე აცხადებს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია.
მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას კატეგორიულად არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელსაც კითხვები აქვს მის მიერ გახმაურებულ პროცესებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
მურუსიძეს არც უზენაესი მოსამართლის მხარდაჭერის იმედი აქვს.





































































