საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის – "მოამბის" ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, მემონტაჟეებმა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციას გამართეს და საგანგებო მიმართვა მედიას და არასამთავრობო სექტორს გააცნეს.
დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა.
მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მიმართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიატორის გამოყოფის თხოვნით. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, დასაქმებულები გაფიცვის უფლებას იტოვებენ.
როგორც "გურია ნიუსს"პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა მესხმა განუცხადა, მათ ამ მოთხოვნებით არაერთხელ მიმართეს არხის ხელმძღვანელობას, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მიიღეს.
"უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მივიღეთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი თითქმის ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ეს ჩვენზე არანაირად არ აისახება. მე პირადად 500 ლარი მაქვს ხელფასი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ოფიციალური მდგომარეობის, ინფლაციის და ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, ჩვენს თანამშრომლებს წლების განმავლობაში არ მოგვმატებია ხელფასები. არხის ხელმძღვანელობა ელემენტარული პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს. აქ საუბარია ტექნიკაზე და ა.შ. ჩვენ დეტალებს დღესვე გავაცნობთ მედიატორს. გვაქვს 14 მოთხოვნა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელფასების ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და იმ სოციალური უთანასწორობის მოგვარებაა, რაც სახელფასო პოლიტიკაშია. ზოგს მინიმალური ხელფასი აქვს, 100 ლარი, ზოგს კი ხელფასი 1000%-ით მაღალი. ჩვენს მოთხოვნებს იზიარებს 5 ჟურნალისტი, საინფორმაციო გამოშვება "მოამბის"ყველა ოპერატორი, ყველა მემონტაჟე და საეთეროს ნაწილი. საუბარია 83 ადამიანზე. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ეს 83 ადამიანი 21 დღის შემდეგ, შესაძლოა, გავიფიცოთ", _ აღნიშნა მესხმა და განმარტა, რომ ეს ყველაფერი გაერთიანებულ პროფკავშირებთან და მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირებთან ერთად ხდება.
"აქ არ არის დამოუკიდებელი ბრძოლა, ეს არის პროფკავშირული სისტემით მიყოლა საკუთარ უფლებებზე. დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არის კოლექტიური დავა", _ აღნიშნავს მესხი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არხის ხელმძღვანელობა ჟურნალისტების მოთხოვნებს არ გამოხმაურებია.