"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობის მაჩვენებლების შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად კითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობას.
წინა წლების მსგავსად, 2016 წელს მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ყველაზე მეტად ენდობა მასწავლებლებს. შემდეგ მოდიან ექიმები, პრეზიდენტი, პოლიცია და პრემიერ-მინისტრი. 2015 წლის გამოკითხვასთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული პრემიერმინისტრის ნდობის მაჩვენებელი (რესპონდენტები, რომლებიც სრულად ენდობიან, ან უფრო ენდობიან, ვიდრე არა).
მოსახლეობის ყველაზე მეტი – 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იყო.
2013-2015 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (11 პროცენტით) იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეების მიერ პირადი მიზნების მისაღწევად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ძალიან გავრცელებულია.
36 პროცენტი იმ მოსახლეობისა, რომელსაც სმენია პროკურატურის რეფორმის შესახებ, ფიქრობს, რომ ეს უწყება თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, ხოლო 40 პროცენტის აზრით, არ არის თავისუფალი.
მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (43 პროცენტი), ასევე, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიზებულია – ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც 71 პროცენტის აზრით, მიუღებელია.
რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ, 46 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო პოლიტიზებულია. მიუხედავად ამისა, იგივე რაოდენობის რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო კვალიფიციურია.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება, ვინაიდან ამ ინსტიტუტმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გამოკითხულთა 39 ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კვალიფიციურია, 30 პროცენტის აზრით – პოლიტიზებულია, 29 პროცენტი ფიქრობს, რომ სამართლიანია, ხოლო 26 პროცენტი – მიკერძოებულია.
გამოკითხულთა 35 პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად (კარგად, ან უფრო კარგად, ვიდრე ცუდად), ხოლო 41 პროცენტი უარყოფითად აფასებს.


































































