ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. წესრიგი, ტექნიკურად ევროსტანდარტების დონეზე აღჭურვილი განყოფილება და პროფესიონალი ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან პაციენტებს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ – ეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა, სადაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იდეალური წესრიგია. პაციენტებს აქ მათი ჩივილების მიხედვით ათავსებენ პალატებში, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი.
გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი, გიორგი ლომიძე ამბობს, რომ ამჟამად დღეში საშუალოდ 30 პაციენტს უწევენ გადაუდებელ დახმარებას, თუმცა განყოფილებას მეტი პაციენტის მიღებაც შეუძლია. ზოგიერთი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მოჰყავთ საავადმყოფოში, ზოგიერთი კი თავად მოდის.
"გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეგვიძლია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტი ვმართოთ. გვაქვს რეანიმაციული განყოფილება, ინტენსიური თერაპიის ბლოკი, სხვადასხვა მიმართულების სტაციონარული განყოფილებები და ფაქტობრივად, ყველანაირ პაციენტს შეგვიძლია გავუწიოთ დახმარება," – ამბობს გიორგი ლომიძე.
გადაუდებელი დახმარების ექიმი შედარებით ახალი პროფესიაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში დაინერგა. ამ პროფილის ექიმებს მრავალმხრივი ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია და საგანგებო უნარ-ჩვევები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მათ სახელმწიფო აძლევს შესაბამის ლიცენზიას. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ოთხი ექიმი მუშაობს: ალექსი გოხელაშვილი, გიორგი ლომიძე, პავლე კაკაურიძე და შალვა კუტალაძე. ოთხივე მათგანს აქვს გადაუდებელი დახმარების ექიმის ლიცენზია და ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კვირაში 7 დღეს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ექიმი გიორგი ლომიძე ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობას ძირითადად კარდიოლოგიური პრობლემები აქვს:
"ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ტკივილით გულ-მკერდის არეში და კარდიოლოგიური მიმართულების პაციენტები, თუმცა ბოლო პერიოდში დაიწყო ტრავმული პაციენტების მომართიანობა, მივიღეთ პაციენტი პოლიტრავმით, ნეიროქირურგიული მიმართულების პაციენტებიც. ჩვენ ადგილზე ყველაფერი გვაქვს, რომ მათ შესაბამისი დახმარება გავუწიოთ და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენივე ჰოსპიტლის სხვა განყოფილებაში გადავიყვანოთ," – ამბობს გიორგი ლომიძე.
გადაუდებელი დახმარების ექიმი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხშირად მიმართავენ თვითდინებით მისული პაციენტები, რომლებიც თავად ირჩევენ საერთაშორისო ჰოსპიტალს და კვალიფიციურ ექიმებს ანდობენ თავიანთ ჯანმრთელობას.
"თვითდინებით მოსული პაციენტების რაოდენობის მომატება მეტყველებს ყველაზე მეტად კლინიკის იმიჯზე, მის სანდოობასა და რეპუტაციაზე, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია," – ამბობს გიორგი ლომიძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14;ტელეფონი: 0422 21 33 33;ელფოსტა: [email protected].
ვებგვერდი: www.bih.ge
(R)