20 ივლისს, ლანჩხუთელ პოეტს თემურ ფირცხალაიშვილს 55 წელი შეუსრულდებოდა. ეს თარიღი მისივე სახელობის შემოქმედთა მუზეუმში დიდი სტუმრიანობით აღინიშნა, რომელიც ხუთი წლის წინ, პოეტის 50 წლის იუბილეზე გაიხსნა. ხუთი წელია ეს მუზეუმი მასპინძლობას უწევს პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნებს და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს.
წლევანდელ საიუბილეო საღამოზე თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედების დავთარი, რომელშიც პესიმიზმი და მელანქოლია სჭარბობს, კიდევ ერთხელ გადაიფურცლა და ახალი შტრიხებით შეივსო მის მეგობრებთან და უბრალოდ, მისი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად. თემურის მეგობრებმა კვლავ წარმოგვიდგინეს, პოეტის სევდიანი და ამავე დროს ენაკვიმატი სტრიქონები, პოეტის ბიოგრაფია კვლავ შეივსო ახალი შტრიხებით. გასული საუკუნის დასასრულის სტუდენტობა, შემდეგ უკვე დაკარგულ თაობად მოვლენილი, ოთხმოცდაათიანელთა სულისკვეთება, ისევ თვალწინ გაგვიცოცხლდა, თითქოს ეს ჩვენ ვიყავით, თუმცა მაშინ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით.
"პატარა კარგსაც არ დაუკარგავდა ადამიანს. იგი ფავორიტად ითვლებოდა უნივერსიტეტში და ბედნიერი ვარ, რომ მისგან დამრჩა სამახსოვრო ლექსი", _ თქვა პოეტის უნივერსიტეტელმა მეგობარმა სოსო ნადირაძემ და მისდამი მიძღვნილი თემურის ლექსი წაიკითხა.
სტუდქალაქში ცხოვრება და სტუდენტობის ხანა, საოცრად სევდიანი, შინაგანი ტკივილით, თუმცა, მაინც ლაღი თემურ ფირცხალაიშვილი გაიხსენა უნივერსიტეტელმა მეგობარმა მიშა ღანიშაშვილმა: "თემური არასოდეს საუბრობდა პოლიტიკაზე, თუმცა, ის ტრაგიზმი, რაც ჩვენმა ქვეყანამ იმ საუკუნის დასასრულს განიცადა, მის სტრიქონებშია ასახული _ "საუკუნეს თან ახლდა სისხლით სავსე აუზი"…
"ჩემი პირველი გაკვირვება ის იყო, რომ ჩემი თანაკურსელი ისე წერდა, როგორც ტერენტი გრანელი", _ აღნიშნა პოეტის სტუდენტობის მეგობარმა თინათინ ბოლქვაძემ.
თემურის თანაკურსელმა ქალბატონმა ნინო ტონიამ კი მუზეუმს ხელნაწერი ლექსების კრებული უსახსოვრა, რომელსაც აქამდე საგულდაგულოდ ინახავდა.
რატომ ეძახდნენ თემურს მეტსახელად "გალას", რატომ უყვარდა ყველა ქალი და რატომ იყო ასე უსაშველოდ გემრიელი ის ლობიო და მჭადი, რომელსაც მეგობრები თემურთან ერთად მიირთმევდნენ, ამის შესახებ მისმა ლანჩხუთელმა მეგობარმა ეთერ ჭყონიამ ისაუბრა, რომლის თქმითაც, თემური იყო პესიმისტი, მაგრამ სიცოცხლე ძალიან უყვარდა.