“სახეზეა ექსტრემისტი ათეისტი და ფემინისტი აქტივისტების ღია და აგრესიული თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ფასეულობებზე და ღირებულებებზე. ამ ვანდალურმა, რელიგიური უფლებების და მრწამსის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა უკვე გამოიწვია საზოგადოების ამ სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება.
ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ ქვაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე წმ. ნინოს ხატის კარიკატურის გამოსახვა წარმოადგენს რუსი და უკრაინელი ექსტრემისტი ათეისტების და ფემინისტების ვანდალიზმის საქართველოში გადმოღების და დამკვიდრების მცდელობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა რელიგიური გრძნობების მიზანმიმართულ შეურაცხყოფას, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და სიწმინდეებზე თავდასხმას. ქართველ ვანდალებს შემთხვევით არ შეურჩევიათ წმ. ნინოს ხატი. ქართველთა განმანათლებლის ფემინისტურ კონტექსტში წარმოდგენა პირდაპირ ეხმიანება Pussy Riot–ის წევრთა მიერ მაცხოვრის ტაძარში გახმიანებულ ლოზუნგს: “ღვთისმშობელო, გახდი ფემინსიტი!“ კარგად მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მისი სწავლებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია ფემინისტური იდეოლოგია.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ზურაბ ადეიშვილს, სათანადო შეფასება და კვალიფიკაცია მისცეთ ამ ვანდალურ ფაქტებს და ჩაატაროთ შესაბამისი გამოძიება, დამნაშავეთ დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი მკრეხელობა და თავიდან ავიცილოთ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირება. ამ ფაქტების არგამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების არგატარება კიდევ უფრო “თამამ“ ვანდალიზმზე წაახალისებს დამნაშავეთ, მათ შორის, ტაძრებში შეჭრისკენ, ჯვრების განადგურებისკენ და Pussy Riot-ის პანკ-ლოცვის ანალოგიური “აქციების“ ჩატარებისკენ. ეს კი, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს,“ _ ნათქვამია განცხადებაში რომელსაც საინიციატივო ჯგუფის სახელით ევგენი მიქელაძე აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მიმდინარე წლის 9-10 სექტემბერს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისის ქვაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე გამოსახეს წმ. ნინოს ხატის ფემინისტური კარიკატურა ინგლისურენოვანი წარწერით “თავისუფლება Pussy Riot”-ს.