გიორგი კალმახელიძის თქმით, სოფლის ცენტრში, ქვენობნის #28 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე სოფლის საბავშვო ბაღის გამგე, მანანა გოგიბერიძე დახვდა და “ქართული ოცნების” მაისურის გახდა მოსთხოვა.
_ მლანძღავდა და მოითხოვდა, რომ მაისური გამეხადა, _ ამბობს კალმახელიძე.
გიორგის დედა, ციცო კალმახელიძე ამბობს, რომ გოგიბერიძემ მათ პოლიტიკური აქტივობისგან თავის შეკავება ურჩია:
_ ჩემი მეორე ვაჟი, მალხაზი, სენაკში, ერთ-ერთ ბატალიონს ხელმძღვანელობს. გოგიბერიძე დამემუქრა, რომ თუკი ივანიშვილის მხარდამჭერები ვიქნებოდით, მალხაზს დაურეკავდა და საკადრის პასუხსაც გამცემდა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ციცო კალმახელიძე.
მისივე თქმით, გოგიბერიძემ მუქარა შეასრულა და რამდენიმე საათით სახლში მოსულმა მალხაზ კალმახელიძემ ისიც და მისი მეორე ვაჟი სასტიკად სცემა.
ციცო კალმახელიძე ამბობს, რომ ამის გამო გოგიბერიძე აუცილებლად უნდა დაისაჯოს: _ მან ჩემი შვილი წააქეზა, ოჯახის წევრები ერთმანეთს დაგვაპირისპირა. არაფერი მაქვს დასამალი _ მე ხმას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს და მიუხედავად ამ ზეწოლისა, გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი, _ აღნიშნავს ქალბატონი ციცინო.
მომხდარს მეზობლებიც ადასტურებენ, თუმცა, საჯარო კომენტარს ერიდებიან. “გურია ნიუსის” სოფელში გამოჩენისთანავე, ჩვენთვის უცნობმა ადამიანებმა სცადეს, რომ გიორგი კალმახელიძე გვერდით გაეყვანათ და ისე გასაუბრებოდნენ. როგორც გვითხრეს, მეგობრულად.
ჩვენ შევეცადეთ მანანა გოგიბერიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, უშედეგოდ. სახლში მისულებს, მისმა მეუღლემ გვითხრა, რომ ქალბატონო მანანა შეუძლოდაა და ჩვენ ვერ შეგხვდებოდა:
_ მანანა ვერ გამოვა, თუმცა ეს (ხელი ნაგაზისკენ გაიშვირა) აუცილებლად გადმოვა ჭიშკრიდან, თუ არ წახვალთ და პასუხსაც ეს გაგცემთ, _ გვითხრა შევარდნაძისდროინდელმა პოლიციელმა იასონ გოგიბერიძემ.
კალმახელიძეების ოჯახი გოგიბერიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და ამბობენ, რომ ამისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. კალმახელიძეებმა, დღეს, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართეს და მომხდარზე რეაგირება მოითხოვეს.
ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თემურ კუტუბიძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მისივე თქმით, კომენტარს, მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გააკეთებს.