#9 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ იმნაძემ გვიმბალაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა და მისი თანაშემწეების რეკომენდაციით სიაში მხოლოდ ის ამომრჩეველი შეიყვანა, რომელიც დანამდვილებით უჭერს მხარს მმართველ პარტიას.
როგორც კომისიის წევრმა მარიკა ჩილაჩიძემ აღნიშნა, სია გაცილებით მეტ ადამიანზე იყო გაკეთებული, მაგრამ ცესკოს გადაწყვეტილებით, 37 ამომრჩეველზე შეჩერდნენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ის, რომ გადასატან ყუთზე ხმა უნდა მისცეს ამომრჩევლის საერთო რაოდენობის სამმა პროცენტმა.
ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობა, მძიმე ფიზიკური ან ფსიქიური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას. ერთ-ერთი მათგანი ძლიერი ფსიქოტრონული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მის მაგივრად კი ოჯახის სხვა წევრი ცდილობდა არჩევნებში ხმის მიცემას. ჩვენი ჩარევის შემდეგ მან ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ წინა არჩევნებზე სწორედ მან მისცა ხმა ოჯახის ავადმყოფი წევრის ნაცვლად.
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის მქონე ადამიანები არიან, რომელთაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ერთჯერადი დახმარებები დაურიგეს ან სხვა ფორმით მოახდინეს მათზე ზეწოლა. ისინი, ან მათი ოჯახის წევრები, ფაქტობრივად, ღიად აფიქსირებდნენ, რომ ხმას მმართველ პარტიას აძლევდნენ.