როგორც გავარკვიეთ, რევაზ ჩიტიძე და კახა ასკურავა ოზურგეთში იყვნენ. გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ეთერ ჭყონიამ გვითხრა, რომ ისინი სამუშაო შეხვედრაზე არიან ოზურგეთში, თუმცა, რატომ იმყოფება სამუშაო შეხვედრაზე ამჟამად შვებულებაში მყოფი ჩიტიძე, რა სამუშაო შეხვედრაა ეს და ვინ ატარებს, არ ვიცით.
ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ ამ შეხვედრას, ნიკოლაიშვილის საარჩევნო შტაბში გადაბარგებული და ახლა ისევ უკან მობრუნებული გუბერნატორი და ვიცე გუბერნატორი ატარებენ: “ნაციონალი ხელისუფლება ახალ ხელისუფლებასთან “დამეგობრების” გზებს ეძებს და შეეცდება, ახლა მას დაუმტკიცოს ერთგულება. ლელა თავართქილაძეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავს და ეცდება, მათი დახმარებით ისევ დარჩეს თანამდებობაზე”, _ გვითხრა წყარომ.
ეთერ ჭყონიას თქმით, დღეს გამგეობაში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. დილიდან ხდებოდა მოქალაქეთა მიღება სხვადასხვა თანამდებობის პირებთან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ზვიად აფხაზავას თქმით, მართალია მმართველი პარტია შეიცვალა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი შეჩერდეს: “აქამდე დაგეგმილი იყო და მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტი, რომლებიც დასამთავრებელია. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს და დამთავრდეს, როგორც თავიდან დაიგეგმა. ამიტომ, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო ვართ და მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელდება ჩვენი უფლებამოსილება,” _ აღნიშნა ზვიად აფხაზავამ.