პირველად ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნებას“-ს წარმომადგენლის ოლქში, მარინე სუნგულიას განცხადება განიხილეს. საჩივარში აღნიშნულია, რომ N60/60 გურიანთა 2-ის საარჩევნო უბნის შესასვლელში იჯდა სამი ადამიანი, მათ წინ ედოთ ოლქის ბეჭდით დამოწმებული ამომრჩეველთა სიები და მისულ ამომრჩეველს აღნიშნავდნენ. მომჩივანი ითხოვს, შეისწავლოს ოლქმა თუ საიდან აღმოჩნდა ოლქის ბეჭდით დამოწმებული სიები პარტიის კორდინატორის ხელში და გატარებული იქნას ამ ფაქტში მონაწილე პირების მიმართ ქმედითი ღონისძიებები.
ოლქის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა აღნიშნა, რომ თვითონაც მივიდა აღნიშნული ფაქტის ადგილას. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ბადრი მუჯირმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ კედლიდან ჩამოხსნილი სიები მიბარებული ჰქონდა მის მოადგილეს, ტარიელ შეწირულს, მან ათხოვა ეს სიები ერთ-ერთ პიროვნებას გასაცნობად და შემდეგ, უბანზე ბევრი საქმის, გამო დაავიწყდა გამორთმევა.
კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა წინადადება N60/60 გურიანთა2-ის კომისიის თავმჯდომარეს ბადრი მუჯირსა და მის მოადგილეს ტარიელ შეწირულს, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, გაფრთხილება მიცემოდათ. მომხრე იყო 13, წინააღმდეგი – 0.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მომჩივანი, საქმის გაგრძელებას ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აპირებს.
მეორე საჩივრის ავტორი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელი ლევან ხუხია. საჩივარში აღნიშნულია, რომ N 60/09 კომისიის წევრებმა გურამ წიტაიშვილმა და აზა ყალიჩავამ უარი განაცხადეს წილისყრით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე, რითაც კომისიის წევრებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები. მომჩივანი ითხოვს, დაეკისროს გურამ წიტაიშვილს და აზა ყალიჩავას საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული წინადადება. მომხრე იყო 3 და წინააღმდეგი _ 10, ამიტომ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
„გურია ნიუსთან“ საუბარში სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღეს უბნებიდან შემოვიდა 20 საჩივარი, აქედან 8 საჩივარი იყო ბიულეტენების ნაკლებობის შესახებ, კომისიამ ეს საჩივრები განუხილველი დატოვა.
დანარჩენი საჩივრები ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, რომლებიც ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი. ხოლო სხვა საჩივრები ხარვეზის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.