სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურმა ახალი პროექტი წარადგინა _ პროექტი სტადიონისკენ მიმავალი გზის შეკეთებას შეეხებოდა. “ლანჩხუთის “გურია” უმაღლეს ლიგისკენ მიიწევს, მაგრამ სტადიონთან გზა არის მიუვალი,” _ ითქვა სხდომაზე. რამდენიმე დეპუტატმა სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით წამოაყენა საკითხები და ისაუბრა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროექტს თან ახლავს.
ილია გვარჯალაძის განცხადებით, საკრებულოში ფუნქციონირებ დაიწყო ახალმა ფრაქციამ, რომელსაც დავით წულაძე უხელმძღვანელებს. წულაძემ გამგეობის შენობაზე მიმაგრებული “ქართული ოცნების” დროშისა და კედელზე გაკრული კარიკატურების მოხსნა შეახსენა საკრებულოს: “მე არ ვარ წინააღმდეგი “ქართული ოცნების” დროშის, მე თავად მაქვს სახლში, მაგრამ ადმინისტრაციულ შენობაზე მისი მიმაგრება დაუშვებელია. არსად არ ხდება ასეთი რამ. სად არის საკრებულოს თავმჯდომარე და რას აკეთებს, ვეფხვებზე და ლომებზე სანადიროდ რომ წავიდა აფრიკაში?! კეთილი ინებოს და ჩამოხსნას ესენი კედლებიდან. სახელმწიფო დროშასთან ერთად, სხვა დროშა არაა საჭირო,” _ თქვა წულაძემ.
მის ამ მოსაზრებას სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ.
“გურია ნიუსი” გიგინეიშვილის ჩამოსვლისთანავე გაარკვევს, მართლაც ვეფხვებზე და ლომებზე სანადიროდ იყო თუ არა წასული საკრებულოს თავმჯდომარე აფრიკაში, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ იგი ამ თემას სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურება.