ტიალი
ლანჩხუთის სოფელში კანტორას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო მანქანის მძღოლი, გზაზე მომავალ გურულს ეკითხება _ მალე საიდან მივალ კანტორასან?
გურული ეუბნება: _ ა, დამაყურე, ძამა, ასე რომ წახვალ, იქ ორი “პავაროტის” მერე 2 კილომეტრია კიდო.
_ აუ, მაი შორია, _ თქვა მძღოლმა.
_ მაშინ აგერ აქიდან წაი, ძამა, მარა მაგარი ცუდი გზაია.
_ აუუ, არა, კაცო, მაქედან ვერ გავალ, _ შეიცხადა მძღოლმა.
_ აბა, მეორე სოფლიდან რო წახვიდე?
_ არა, _ ისევ იუარა მძღოლმა.
_ აბა, ძამა, ტიალში მე ვარ აგერ და მომასხი მაი წყალი! _ შეუძახა გამწარებულმა გურულმა.
მახარობელი
ჩემი მეგობარი ჩავიდა გურიის ერთ-ერთ სახელგანთქმულ სოფელში სტუმრად (თითონ გურული არაა, თორემ დიდად არ გაუკვირდებოდა აი ამბავი). მოხვდა “ტამპექსივით” (ხომ გაგიგონიათ _ კარგ ადგილას, მაგრამ ცუდ დროსო), ვის ოჯახშიც ჩავიდა, მისი ბიძაშვილი იმ დღეს გაპარულა. არის ერთი ქოთქოთი და ვაიუშველებელი… სად გაიპარა… ვის გაეკიდა…
ბოლოს გაარკვიეს _ ვინცხას გაყოლია სოფელ X-შიო.
მოძებნეს ლოთი ლევანა, რომელსაც დედულეთი ჰქონია იქ და გაუშვეს სიტუაციის დასაზვერად… ქალი ნებით გაჰყვა? ძალით წეიყვანეს? საჩხუბრად წევიდეთ თუ სამოყვროდო?!
გავიდა 1 საათი, 2, 3…
ბოლოს მოისმა ადესით ატიპტიპებული ლევანას კრიმანჭული… ხალხი შორიდან დაამშვიდა _ ისეა, ჩემო იმანო საქმე, რაფერც თქვენ გაგიხარდებათ!
იქვე ფერმოსულ მამას კი ამაყად აცნობა _ შენი ციცა ხომ იყო “იმიზა” გადარეული, ხოდა, აი შენი სიძე თავიდან ბოლომდე “იგიაო”.
ჩაცმული
ქორწილია ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში. ერთი მოგვარე მყავს, ბატონი ტარიელი, ენაკვიმატი კაცია, სამი ცოლი ჰყავს გამოცვლილი და მაინც გოგოებზე უჭირავს თვალი. ხოდა ამ ქორწილში იყო ნანიკო, ჩემი დაქალი და ნეფის ნათესავი. ძალიან გამომწვევად ეცვა, ხორცი უფრო მეტი უჩანდა, ვიდრე ტანსაცმლის ნაჭერი იყო მთელ ტანზე. მოკლედ, ყველა თვალს აყოლებდა და ტარიელსაც, რაღა თქმა უნდა, არ დარჩა შეუმჩნეველი. გამაცანიო, მთხოვა კიდეც. გავაცანი ტარიელს ნანიკო და ისე გადახედა, მივხვდი ამას სადღაც მაინც აღნიშნავდა.
გავიდა რამდენიმე თვე. მე, ნანა და ტარიელი შევხვდით ერთმანეთს თბილისში. უკვე ზამთარია და ნანას ძალიან თბილად აცვია. მივესალმეთ მე და ტარიელი ერთმანეთს, მოვიკითხეთ იქით-აქეთ ამბები და შევმჩნიე, რომ ნანა ვერ იცნო.
_ ტარიელ ბიძია, ნანა ვერ იცანი, ქორწილში რომ გაგაცანი-მეთქი? _ ვკითხე.
ტარიელს გაახსენდა და განცვიფრებული ეუბნება, _ ბოდიში ბიძია, ჩაცმული ვერ გიცანიო.
ტირილი
ჩოხატაურში ერთი კარგი ქალბატონი ცხოვრობს. ერთ დღეს გამოეწყო და ტირილში წავიდა. როცა დაბრუნდა, მეზობლები ეკითხებიან რაფერი ტირილი იყო, რაფერი საზოგადოება…
_ გადასარევი, ქალებო, მომადგა ნაცნობი და მითხრა: ვიყურე, ვიყურე და შენფერი ქალი სულ არ არის ამ ტირილშიო!
ქმარმა გამოძახა: _ იქანე მართლა ტირილი ყოფილა, შენზე უკეთესი თუ ვერავინ დეინახესო!
“დალნი ფარები”
ირაკლი და დათო, ორივე ლანჩხუთელი გურულია წარმოშობით, ბათუმში ცხოვრობენ. დათოსთან ვიყავით ჯუმათში და მალევე ჩამოვედით, დრო გვაქვს და ვეუბნები _ წამოდით ჩემს სოფელს განახებთ, მეც კაი ხანია არ მინახავს-მეთქი. კარგიო, წავედით.
ჩემი სოფელია ბურნათი, ჩოხატაურის რაიონში, გზები არ ვარგოდა იმ დროს და ეს ჩემი მეგობარი (ირაკლი იჯდა საჭესთან, დათო _ მის გვერდით, მე _ უკან) წავიდა და გადაუხვია აცანიდან…. გადევიარეთ ორი მთა, სოფლები: აცანა, მამათი, ძიმითი და გავედით ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე; დათო ამბობს _ სადაა, აღარ მივედითო?
ჯერ ადრეა-მეთქი. ცაში თვითმფრინავი გამოჩნდა და დათო ამბობს:
_ რაცხა აი თვითმფრინავი ბათუმიდან სხვანაირად მოჩანს და აქ სხვანაირადო.
ირაკლი პასუხობს:
_ სხვანაირად გამოჩნდება აბა რა, ამ სიმაღლეზე ვართ და ვერ დეინახე “დალნი ფარები” აგვინთო _ გეიწიეთ, არ დამეტაკოთო!
დირექტორი
ჩოხატაურის სკოლაში დირექტორად ახალგაზრდა ბიჭი დანიშნეს. შესვენებაზე გამოვიდა კორიდორში და ხან ერთი ბავშვი დაეჯახება, ხან _ მეორე. ბოლოს დაიჭირა ერთი და ხმამაღლა ეუბნება: _ შენ იცი, ბიჭო, მე ვინ ვარ?
უყურა ბავშვმა: _ ა, აბდალა არაა ახლა აი? დირექტორია და კი არ იცის, მე მეკითხება ვინ ვარო!
ფუტი
ჩემი სოფლის ავტობუსში (გურიაში) ერთი კაცი გამწარებული ეწეოდა “ასტრას”, დაგვახრჩო… ხოდა, მიუბრუნდა მოხუცი ქალი და ეუბნება:
_ ნენა, მაი ფუტი კაი რომ იყოს, ფეჩის ტრუბას გარეთ კი არ გააყოფიებდნენ თავს.