ოზურგეთის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია უარყოფითად აფასებს. ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე კახაბერ ღლონტი ამბობს, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ყურადღება მიაქცია, თუ რამდენად პრიორიტეტული იყო ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა: _ მომზადებული სოციალური პროექტებიდან, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა არასრულყოფილია და შორსაა მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მონაცემებისგან. მაგალითად, დემოგრაფიული მდგომარეობა, მოგეხსენებათ, არც თუ ისე სახარბიელოა ქვეყნის მასშტაბით. 57001 ქულიდან 70000 ქულამდე რატომ უნდა ყოფილიყო დაყოფილი შვილის შეძენაზე დახმარება? რატომ იყო გათვლილი ამ პროგრამის დასაფინანსებლად 80000 ლარი? თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დახმარების თანხა 100 ლარია, გამოდის, რომ მარტო ზემოთ აღნიშნული ქულების მქონე ოჯახებში, წლის განმავლობაში 800 ბავშვი იბადება. ღმერთმა ქნას, ეს ასე იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების სტატისტიკას, სამწუხაროდ, ასე არ არის. გარდა ამისა, ხომ არსებობენ სხვა ოჯახებიც?! ასეთი გათვლით, რაიონში დაახლოებით 1200 ბავშვზე მეტი იბადება, რაც არარეალურია. ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ ონკოავადმყოფებისთვის ცალკე სოციალური პაკეტია საჭირო. უყურადღებოდ გვყავს მიტოვებული ვეტერანებიც. ყველაზე მეტი ადამიანი, პროცენტულად, ოზურგეთის რაიონიდან იბრძოდა, მაგრამ დამოუკიდებელი რაიონული თუ რეგიონული ორგანიზაცია არ გვაქვს; ნებისმიერი ცნობის, დოკუმენტის მისაღებად ოზურგეთელი ვეტერანი ბათუმში უნდა ჩავიდეს, ეს კი ხარჯებს და ჯანმრთელობას უკავშირდება. ბიუჯეტში არის რეზერვი, რომლის მობილიზების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ომის ვეტერანებს და მათ ოჯახებს დაუწესდეთ შეღავათები ბუნებრივი აირით სარგებლობისთვის. რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებს, აღარ ჩამოვთვლი იმ გაურკვეველი წარმოშობის ღონისძიებების დაფინანსებას, რომლებიც გათვალისწინებული იყო წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში; ისეთი კორიფის, როგორიც გიორგი სალუქვაძე იყო, ფოლკლორული საღამოს ორგანიზებისთვის, სხვადასხვა კუთხიდან ანსამბლების ჩამოსაყვანად გათვალისწინებული იყო 2500 ლარი. ურეკის საკურორტო სეზონის გახსნაზე საესტრადო მომღერლების მოწვევისა და და ორგანიზებისთვის კი _ 10 000 ლარი. ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლში “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა არ იგრძნობა. იმედია, შემოგვთავაზებენ ბიუჯეტის საზოგადოებისთვის მისაღებ ახალ პროექტს, რომელშიც ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა და ფრაქციებმა განიხილეს ბიუჯეტის პროექტი: _ გვაქვს სამართლებრივი და ფინანსური ხასიათის შენიშვნები, რეკომენდაციები, რაც აისახა კიდეც ერთობლივ დასკვნაში. მაგალითად, გრანტები არაა მითითებული საკუთარ შემოსულობებში; არასწორადაა წარმოდგენილი მოსაკრებლის დასახელებები; სატენდერო მოსაკრებლის მითითება მოკლებულია სამართლებლივ საფუძვლებს; დაკონკრეტებას მოითხოვს “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი”, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება _ კორექტირებას. ახალი პროექტი არ არის კლასიფიცირებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრიორიტეტების დოკუმენტი შედგენილი უნდა იქნეს “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად _ უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათები და მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვა. გვაქვს ჩვენი მოსაზრებები სფეროების მიხედვით დაფინანსებასთან, ხარჯების განაწილებასა და ეკონომიკურ გათვლებთან დაკავშირებით, ანუ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმ პრობლემების გადაჭრისაკენ, რაც რეალურად არსებობს. ცალსახად მივიჩნევთ, რომ მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი უნდა ასახავდეს იმ საჭიროებებს და პრიორიტეტებს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ვიმედოვნებ, რომ 2011 წლის ბიუჯეტი სწორედ ასეთი იქნება. აღმასრულებელ ორგანოს უკვე დაუბრუნდა პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, რედაქტირებული ვარიანტი გამგეობამ 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მამეშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved