(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიაში დაწყებულ სკანდალს სერიოზული გაგრძელება მოჰყვა _ მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრების ნაწილმა რიგგარეშე ყრილობა მოიწვია და ზურაბ ნოღაიდელი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენა.
ჯერ კიდევ თვეების წინ ატეხა ლანჩხუთელმა ეკა ალექსაიამ ხმაური იმის გამო, რომ ნოღაიდელმა აქტივისტებს ფული არ გადაუხადა. “დაიცავი საქართველოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ადგილობრივ არჩევნებში სწორედ “ეროვნულ საბჭოში” შემავალ ნოღაიდელის პარტიას ეხმარებოდა. აქტივისტებიც მოიყვანა, მაგრამ შემდეგ ანაზღაურების მიღება ვერ მოხერხდა. ალექსაია ნოღაიდელს ტელევიზიაში მიუვარდა, როცა იგი “კავკასიის” ღამის თოქ-შოუს სტუმარი იყო, პარტიის სათავო ოფისშიც მრავალჯერ მივიდა და ნოღაიდელს ოფისში ბენზინიანი ბოთლის შეგდებითაც დაემუქრა.
როგორც ვთქვით, ხუთშაბათს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა, დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა.
ყრილობის მონაწილეებმა ნოღაიდელი პარტიის წევრების დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს. ყრილობის თავმჯდომარის სერგო ჯავახიძის განცხადებით, ნოღაიდელმა, იმის გამო, რომ დაპირებული ხელფასები არ გადაეხადა თავისი თანაპარტიელებისთვის, ისინი მოღალატეებად გამოაცხადა. მისი თქმით, ნოღაიდელის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ასეთი “მოღალატე” არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბოჟაძე. ნოღაიდელი გააკრიტიკა ჭიათურის რაიონული გამგეობის თავმჯდომარემ როსტომ ცარციძემ. მისი თქმით, ნოღაიდელმა მიატოვა ყველა ის ადამიანი, ვინც ერთგულად ედგა მას გვერდით.
პარალელურად, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრების ერთმა ნაწილმა ხელისუფლება პარტიის დაშლაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ყრილობა შსს-ს ორგანიზებით, პარტიაში განხეთქილების შესატანად ჩატარდა და წარმოდგენილი ხელმოწერები გაყალბებული იყო.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერს, ზურაბ ნოღაიდელს მოუწოდა, მიმართოს სასამართლოს და პარტიის ღირსება სამართლებრივად დაიცვას: _ ჭადრაკის სასახლეში ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დაეშალა არც თუ ისე სუსტი პოლიტიკური პარტია, მაგრამ არ გამოუვიდა. მივმართავ ჩემი პარტიის ლიდერს _ დაიცვას ჩვენი პარტიის ღირსება და შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, _ თქვა ლელა ჩახვაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved