ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულმა მორიგმა წერილმა ქვეყნის პოლიტიკური და მედია-სივრცე კვლავ შეძრა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, სადაც მან „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში“ მომხდარი გაურკვეველი თვითმკვლელობები და უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ეჭვქვეშ დააყენა, საგამოძიებო უწყებების მყისიერი რეაგირება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს, საჯაროდ გაჟღერებული ბრალდებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფართომასშტაბიანი გამოკითხვები დაიწყო. საგამოძიებო უწყების დაბარების სიაში მოხვდნენ პოლიტიკოსები, ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული პირების ნაწილმა უწყების გადაწყვეტილებასა და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარები უკვე გააკეთეს.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძეს საერთოდ არ იცნობდა, თუმცა ექსპრემიერის განცხადება რეაგირებას მოითხოვს.
„საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე. ვწუხვარ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა როდესაც ექსპრემიერი აკეთებს ასეთ განცხადებას, შეუძლებელია ამან არ დაგაინტერესოს. ის არ არის რიგითი მოქალაქე, ეს კაცი პრემიერი იყო. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაირკვეს“.
გამოკითხვაზე იმყოფებოდა პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, საუბარი იყო ჯორბენაძეზე.
“მე ახლა რაც საჯარო სივრცეში ვთქვი, იგივე ვუპასუხე. ვუთხარი, რომ არ ვიცნობ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ მაქვს წარმოდგენა. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე და თვითმკვლელობების ბუნდოვანებებზე — ზოგიერთი თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე“, — განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტიკის ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თანამდებობიდან გამომდინარე, სიღრმისეულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.
„ღარიბაშვილი ხომ არ არის ვიღაცა… ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მას ჰქონდა წვდომა სიღრმისეულ ინფორმაციასთან. შესაბამისად, დღეს აქ, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ გამოკითხვაზე, აქ უნდა იდგნენ ახლა კობახიძე და მდინარაძე“, — აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის მხარე (ადვოკატი ნათია თამაზაშვილი) განმარტავს, რომ ღარიბაშვილმა გამოკითხვისას დაადასტურა ის, რაც წერილში ეწერა, თუმცა კონკრეტული ფაქტობრივი წყარო არ დასახელებულა.
„ირაკლიმ გამოკითხვისას დაადასტურა ის ფაქტები და ეჭვები, რაც მის განცხადებაში იყო. წყაროზე მას არ უსაუბრია. მან უბრალოდ ერთმანეთს დაუკავშირა მისთვის ცნობილი მოვლენები, მიღებული წერილები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე“.
პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
პროკურორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ინფორმაციები, რომელიც მან გააჟღერა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თაობაზე, საჯაროდ გავრცელებულ წერილში, არის მხოლოდ გამოცემებზე დაყრდნობით.
სამართალდამცავების თქმით, ყველა ამ პირის გამოკითხვის მთავარი მიზეზი არის იმის დადგენა, ეყრდნობა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს.
გამოკითხვაზე დაბარებულ პირთა უმეტესობა აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებებს არ ენდობიან და ჩვენების მიცემას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებენ. მათი შეფასებით, პროკურატურის მიერ ცნობილი სახეების მასობრივად დაბარება ექსპრემიერ ღარიბაშვილის მძიმე ბრალდებებიდან საზოგადოებრივი ყურადღების გადატანის მცდელობაა.




































































