“გურია ნიუსს” 13 იანვარს, ტელეფონით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებში მცხოვრები ასმათ სანიკიძე დაუკავშირდა: _ ჩაგვაბნელეს, სანთელი არ გვაქვს, საწვავი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს! 1991 წლის შემდეგ, სახელმწიფო შუქი არ გვღირსებია _ ხაზები გააბეს და დარჩა გაბმული. ესაა სოფლის აღორძინება?! გვაქვს საკრებულო, მაგრამ რა ორგანოა, არ ვიცით; რწმუნებული ჩვენთვის არ არის. ხალხი არ ვართ? ამას ჰქვია ხალხის “დაგოიმება”. წინასწარ მაინც ეთქვათ, სანთელი რომ გვეყიდა. აღარ შეიძლება აქ გაჩერება. ამათ დაპირებებს საზღვარი აღარ აქვს. ამოდით და თქვენ თავად ნახეთ, რაც ჩვენს თავს ხდება. უნდათ ჩართავენ შუქს, უნდათ _ გამორთავენ, ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში ასმათ სანიკიძემ.
14 დეკემბერს “გურია ნიუსი” შეეცადა სოფელ ზემოსურების რწმუნებულს ლევან ლომინეიშვილს დაკავშირებოდა, მაგრამ მისი ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში “მიუწვდომელი” იყო.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ თქვა, ზემოსურებში შუქი გუშინ საღამოს ჩაირთო:
_ გვალვის გამო, პრობლემა იყო წყალთან დაკავშირებით და ამ მიზეზით არ მიეწოდებოდა მოსახლეობას შუქი. რაც შეეხება სახელმწიფო დენს, “ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრს მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს. კომპანია გამრიცხველიანების პროცესებს განცხადებების შეტანისთანავე დაიწყებს. ამ სოფელში სულ 100 ოჯახი ცხოვრობს და სამი ტრანსფორმატორი დაიდგმება. პირადად მე დამიკავშირდნენ _ ჩემთან ურთიერთობის პრობლემა მოქალაქეებს არ ექნებათ, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში ანტონ ხუნდაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved