ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მცხოვრებლებმა, გაჭირვებულ ოჯახებს შორის, ყველაზე მიუსაფარი მარტოხელა ქალბატონი, ქვრივი მერი მიქელაძე-მჟავანაძე დაგვისახელეს. ქალბატონ მერის მეუღლე ადრე გარდაეცვალა, გასულ წელს კი კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს _ ავარიაში 29 წლის ვაჟიშვილი, გიორგი დაეღუპა. ოჯახს ძალიან უჭირს, ნორმალური საცხოვრებელიც არ აქვთ, არც მიწის ფართობი გააჩნია, სიმინდის მოსავალი რომ მოიწიოს. მანდარინის მოსავალიც იზარალა და ასე, ღვთის ანაბრად არის დატოვებული.
შვილის გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონ მერის ჯანმრთელობაც გაუუარესდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან დაბალი სარეიტინგო ქულები მიანიჭეს და შესაბამისად, სამედიცინო პოლისი და ფულადი დახმარებაც ეკუთვნოდა, მაგრამ ოჯახში მომხდარი უკმაყოფილების გამო, მას სოციალური დახმარება არ მიუღია _ ქალბატონი მერი, როგორც თავად ამბობს, შვილის გარდაცვალების შემდეგ, რძალმა და შვილიშვილმა მიატოვეს და მარტო დარჩენილს, სოციალური დახმარებაც მოეხსნა. როგორც თავად ამბობს, დავის გამო მოხდა სოციალური დახმარების შეჩერება. რძალი მას ქონებას ედავება, ამიტომ, სოციალურმა სააგენტომ მისი ოჯახი ხელახლა უნდა შეისწავლოს.
_ სექტემბერში მომანიჭეს 54 000 სარეიტინგო ქულა. შვილის გარდაცვალების შემდეგ რძალი მედავებოდა და შვილთან ერთად წავიდა. როგორც ამბობს, თავის წილს ითხოვს და ცალკე უნდა ცხოვრება. მე ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს და ალბათ, სასამართლოში მომიწევს ვითარების გარკვევა. ამ დაპირისპირების გამო, მთლად უპატრონოდ და უკაპიკოდ დავრჩი. საპენსიო ასაკიც არ მაქვს, პენსიით მაინც რომ გავიტანო თავი, პურის და წამლის ფულიც კი არ მაქვს, _ გვითხრა ქალბატონმა მერიმ.
ჩვენს კითხვაზე, სოფლის გამგებლისთვის თუ მიუმართავს დახმარებისთვის ან ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, გვითხრა, რომ გარდაცვლილი შვილის ექსპერტიზის ფულიც კი მას გამოართვეს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან კი არანაირი დახმარება არ მიუღია:
_ გასული წლის 17 ივლისს ავარიაში დაიღუპა ჩემი შვილი. ჩემს დაუკითხავად პატრულმა წაიყვანა ექსპერტიზაზე, რის თანხაც მე გამომართვეს. დღემდე არ ვიცი, ეს თანხა მე რატომ უნდა გადამეხადა, ან როცა წაიყვანეს, მე რატომ არ ჩამაყენეს საქმის კურსში? ასეთ უბედურ წუთებშიც კი, ვერ მოიფიქრა გამგებელმა ქვრივს და ობოლს დახმარებოდა. ყანას ვერ ვთესავ, საშუალება არ მაქვს და არც სხვა შემოსავალი გამაჩნია რამე. ზამთრისთვის შეშა მეზობლებმა დამიმზადეს და ფულს ვერ ვუხდი. სოციალური მომსახურების სააგენტოში მითხრეს, რომ გასარკვევია ჩემი ამბავი. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, ჩემს ცხოვრებას თუ ცხოვრება ჰქვია.
სამწუხაროდ, მერი მჟავანაძის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოში კონფიდენციალურია და მისი თანდასწრების გარეშე, ინფორმაციის გაცემა აკრძალულია. როგორც გვითხრეს, ეს საქმე შესწავლას ექვემდებარება და თვითონ ქალბატონმა უნდა გაარკვიოს, რატომ შეუჩერდა სოციალური დახმარება. საამისოდ მას განცხადების შეტანა მოუწევს.