პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წევრებმა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში სოფლის კრებები მოაწყვეს, სადაც გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია შედგა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ისევ შეხვდნენ სოფლის რწმუნებულებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაკვანეთში, ჭანიეთსა და თხინვალში მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა, ისევე როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოხნარში, ხევსა და ხიდისთავში _ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, კვლევის შედეგად, გამოვლენილი პრობლემების პრიორიტეტების აუცილებელ მოგვარებაზე საუბრობს.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წევრებმა პრობლემების მოგვარების შესახებ, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მოამზადეს, რომელიც ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ამ დღეებში მიეწოდება, რათა შემდგომში სოფლის განვითარების პროგრამის გახორციელებისას გაითვალისწინონ. შესაბამისად, სამიზნე სოფლებში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფები და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ლობირებას გაუწევს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსებით, მოხდება თუ არა მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პრიორიტეტების მოგვარება.
ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ამ პროცესებში აქტიურადაა ჩართული და თითოეულ სოფელში შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც სოფლის ხელისუფლებასთან ერთად, მონაწილეობენ პრობლემათა პრიორიტეტიზაციასა და ამ პრობლემათა გადაჭრის გზების ძიებაში. ამავდროულად, სოფლის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ.
მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში