გია ქურიძე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის რეჟისორი:
დაპატიმრებული პატრული
ბატონი ვასო კეკელიძე ქვიანის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო მაშინ და სხვა პასუხისმგებლობასთან ერთად, გზის პატრულირებაც ჰქონდა დავალებული რაიკომიდან. გაიხედა ერთ დღეს და რას ხედავს _ მოდის რუსის ჯარი, წინ გაბღენძილი ნამთვრალევი გენერალი მოუძღვება. გადაუდგა ვასო არსენა ოძელაშვილივით ამხელა ჯარს და რიხიანად შეუყვირა გენერალს:
_ “ვაში დაკუმენტი!”
ამოიღო გაკვირვებულმა გენერალმა და წარუდგინა ვასოს საბუთები. დაათვალიერა თავმჯდომარემ ყურადღებით და დაუბრუნა გენერალს, მაგრამ ახლა გენერალმა შეუყვირა: “ტეპერ ვაში დაკუმენტიო”! ვასოს ლანჩხუთში საბუთები რად უნდოდა?. დაავლეს ხელი და წაიყვანეს. კიდევ კარგი ლანჩხუთიდან ხალხი გაეკიდა და ურეკში ძლივს დაატოვებინეს რუსებს თავიანთი თავმჯდომარე.
აკეთელი ჯორდანო ბრუნო
“დიადი საბჭოეთის” დროს, ზედა აკეთში, თბილისიდან საგანგებოდ გამოგზავნილი ლექტორი ლექციას კითხულობს და ამტკიცებს, რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს. როგორც იყო, დაამთავრა ლექცია და კლუბში ძალით შეყრილმა გლეხებმაც ამოისუნთქეს, მაგრამ ახლა ივლიანეს გაუჩნდა ერთი შეკითხვა:
_ დედამიწა რომ ბრუნავს, კი მივხდი, მარა ერთი იგი ამიხსენი, მისით ბრუნავს თუ აბრუნებს ვინმე?
_ არა, ბიძია, მისით ბრუნავს! _ გაეცინა ლექტორს.
_ შენს ოჯახს ააშენებს, ბიძია, ღმერთი! კიდევ კარგი, მისით რომ ბრუნავს, თვარა მოსკოვის ამბავი რომ ვიცი, შემომითვლიდნენ _ არიქა, ივლიანე, მიაწექი და შენ დააბრუნეო!
გურული ქალის მიერ რუსეთის ხელისუფლების წყევლა
_ რა უნდებიენ მაგ შეჩვენებულებს ჩვენგან; რეიზა ვერ ეტევიან მის იმხელა მიწაზე?!
_ ბლოკადით გვემუქრებიან, ხომ? მაგენის ტვინი ვნახე დაბლოკილი!
_ ატომური ბომბებით გვაშინებენ, ხომ? ატომი მენახოს მაგენის პირში აფეთქებული და მაგენის თავი გაგორებული სადგურ სუფსის “პერიეზდზე”!
_ შავი ზღვაი უნდებიან, არა? იმ შავ ზღვაში მენახოს მაგენი ჩალუსკუმებული!
_ ჩვენს დაკარგვას ვერ ინელებენ, არა? მუუნელებელი დარჩენოდენ პირში ლუკმა და გუუშავდენ ყორყის ძირი!
_ ჯინზე გვიკეთებენ ყოლისფერ სიავეს, ხომ? ჯირკზე მენახოს მაგენის თავი გადამკტარი!
_ ისე დაშლილიყოს ჩვენი მტრების ძვლები, რავარც საბჭოთა კავშირი დეიშალა და დეიფუნგა. ვინცხამ ჩვენ ჯაშუშები შემოგვიგზავნოს, შინაური იქნება თუ გარეული, მეისპოს, მეიგუდოს, ამოკვანკვალდეს!
_ ვინცხამ რაცხა დაგვიშავოს, იმას არ გუუთენდა ხვალინდელი დილა; ილანჯუხმა მოსტეხა იმას კისერი; იმფერი დამართოდეს, ორი ორს ეკითხებოდეს!