საკარმიდამო ეზოს ლამაზად მოწყობის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ ეს პროცესი გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
ჩვენ ვეცდებით, სხვადასხვა რჩევებით დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში და ეს რჩევები არაერთჯერადი იქნება.
პირველ რიგში იმისთვის, რომ ეზოს ლამაზად მოწყობა იაფი იყოს, უნდა ვიფიქროთ ისეთი მასალის გამოყენებაზე, რომელიც ეზოში მოგვეპოვება _ ბამბუკი, რიყის ქვები და ა.შ. ან ნარჩენი საამშენებლო მასალა _ ნატეხი ფილები ან კრამიტი, და მოუხმოთ ფანტაზიას.
მაგალითად, რიყის ქვებით შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ფორმისა თუ სიდიდის ულამაზესი ბორდიურები, სართულებიანიც კი.
რიყის ქვით შემოსაზღვრული ადგილები ძალიან ბუნებრივ და ლამაზ ელფერს აძლევს ეზოს. მისი დადებითი მხარე ისიცაა, რომ თუ მოგბეზრდებათ, ნებისმიერი დროს შეგიძლიათ ფორმა შეუცვალოთ, გადააადგილოთ ან სულაც აიღოთ უპრობლემოდ. თქვენ შეგიძლიათ, ბოსტანში გქონდეთ ყვავილის ნერგები, რომელიც სხვადასხვა დროს ყვავილობს და რიყის ქვებით შემოფარგლულ ადგილებში გადმოიტანოთ ისინი, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი ქვებისგან შექმნილი მუდმივად მოყვავილე ოაზისი გქონდეთ ეზოში.