ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ავთო მექვაბიშვილი, ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. გამგებლობა იმ პერიოდში მოუწია (2009-2010 წლები), რომელ პერიოდში ჩადენილ დანაშაულს პროკურატურა გია ტაკიძეს ედავება.
მექვაბიშვილი პირველი და ერთადერთი ჩინოსანია, რომელიც ტაკიძის დაკავების შესახებ ჩვენ გაზეთთან საუბარს დათანხმდა და ბევრ საკითხზე გულახდილადაც ისაუბრა.
_ ბატონო ავთო, 2010 წელში, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურთან რაიმე ხელშეკრულება თუ იყო დადებული?
_ არა.
_ გინდათ თქვათ, რომ ხელშეკრულება, რომელზეც აღიარებით ჩვენებაში კურდღელაშვილი საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს?
_ კურდღელაშვილის უწყება _ დასუფთავების სამსახური, ისეთივე ორგანიზაციაა, როგორც სხვა აიპი და მათთან ხელშეკრულება არ ფორმდება. მათი სუბსიდირება ბიუჯეტშია გაწერილი. აქ არის საგადასახადო და საბიუჯეტო განაცხადები და გრაფიკით ხდება გადახდა. აიპ-ს, ვთქვათ, მილიონს იანვარში არავინ მისცემს. ეს თანხა ნაწილდება მთელ წელზე. შეიძლება, რომელიმე თვეში მეტი მისცე, რადგან ამის აუცილებლობა იყოს. როგორც გითხარით, ეს ბიუჯეტშია გაწერილი. გამოძიება ნახავს იყო თუ არა ხელშეკრულება, აუცილებელი იყო თუ არა და თუ გაფორმდა, ვინ გააფორმა.
_ თუ არ არსებობდა ასეთი ხელშეკრულება, მაშინ რატომ დაიჭირეს გამგებელი?
_ ნუ გამაგიჟეთ, რა. თქვენ, რომ ნახოთ ცუდი ფაქტი რომელიღაც ორგანიზაციაში და ამ პიროვნებას რომ უთხრათ, ამას არ გამოვაქვეყნებ, სამაგიეროდ მომეცი 10 000 ლარიო, უნდა ამას ხელშეკრულება?! რა ხელშეკრულება უნდა თუ ცუდს აკეთებ?! ჩვენ ხელშეკრულებას ვდებთ გარე ორგანიზაციასთან, მაგალითად, შპს-ებთან თბილისიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ინდმეწარმეებთან… რომლებსაც კედელს შევაღებინებ, პარკეტს დავაგებინებ. ჩემს დაფუძნებულს რანაირად გავუფორმებ ხელშეკრულებას?! წესდება, საშტატო განრიგი დავუმტკიცეთ და თავად, საჭიროების საფუძველზე გააკეთა საბიუჯეტო მოთხოვნა, განვიხილეთ და ჩავუსვით თანხა. თუმცა, არა მილიონ ასი ათასი. ამ თანხაზე საუბარი აბსურდულია. ოფიციალური პირები რომ დაკითხეს, მათ უთხრეს, რომ ამ თანხაზეა საუბარი, თუმცა, ეს ციფრი ჩემთვის უცხოა.
_ პროკურატურის ოფიციალური განცხადებაც ამ მონაცემს ეყრდნობოდა…
_ ხო, ახლა არ ვიცი. ვიღაც ჟურნალისტმა შეიძლება ცუდად მოისმინა.
_ ჟურნალისტმა კი არა, მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ დაასახელა ეს ციფრი.
_ ჩემს დროს დაიგეგმა ბიუჯეტი 700 000 ლარზე ცოტა მეტით. აქედან, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ატუ”-ს (ბიძინა ივანიშვილის კომპანია, ავტ,) იყო ნახევარი, ნახევარი ოზურგეთის ბიუჯეტის. მე არ ვიცი იქ რას წერენ და რას აკეთებენ. ვერ გეტყვით გია ტაკიძემ გაუფორმა თუ არა ვინმეს ხელშეკრულება, მაგრამ უფრო მეტს გეტყვით _ გია ტაკიძეს ხელშეკრულების გაფორმების მექანიზმი არ ჰქონდა. ჩემი გამგებლობის დროს, მე ამის მექანიზმი მქონდა, მაგრამ სუბსიდირებით დასაფინანსებელ ორგანიზაციებთან არ ვაფორმებდით ხელშეკრულებას. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, გამოძიება მიმდინარეობს და დადებენ დასკვნას. რა ხდებოდა შიგნით, იცის მხოლოდ გამოძიებამ.
_ ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს…
_ არანაირი ეჭვი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ მაქვს. მე პირადად არ მეჯერება ეს თემა. ჭორი შეიძლება ყველაფერზე გავრცელდეს _ ჩემზე, თქვენზეც, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას გააკეთებს პროკურატურა _ შესაბამისი ორგანო და შემდეგ ამაზე დასკვნას გამოიტანს სასამართლო. სასამართლო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, გია ტაკიძემ ნამდვილად გააკეთა ის, რაზეცაა საუბარი და რა ინფორმაციაც ვრცელდება, დასკვნების გამოტანა მერეა შესაძლებელი.
_ თუმცა, დღეს სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლიანობა სადავო თემაა…
_ არა, არა. სასამართლო ნამდვილად სამართლიანია და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
_ პროკურატურა თუა სამართლიანი?
_ კი, და ეს ბევრი რამიდან ჩანს.
_ თუმცა, ფაქტია, რომ ტაკიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია აბსურდული და სამართლიანობას მოკლებულია…
_ არა, არაფერი არ არის აბსურდული და არც არის ვალდებული პროკურატურა დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელოს, იმიტომ, რომ ძიების პროცესი მოითხოვს გარკვეული ინფორმაციის არგავრცელებას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება მათ რაიმე სხვა ინფორმაციებიც აქვთ, შეიძლება ნამდვილად მილიონ ასი ათასზეა საუბარი.
_ მაგრამ, ეს ციფრი ხომ არც ერთ დოკუმენტში არ ჩანს…
_ ნახეთ ბიუჯეტი და ნახავთ შესაბამის ციფრს. ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ვისაუბრებ მას შემდეგ, როცა ძიება დასრულდება. არ მაქვს ამ საკითხზე ინფორმაცია. მე შემიძლია ის გითხრათ, ეს ორგანიზაცია რას აკეთებდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქნა ტაკიძემ, რა ქნა მეორემ ან მესამემ, არ ვიცი.
_ ბატონო ავთო, ოზურგეთში დასუფთავებას ამხელა თანხა სჭირდებოდა?
_ დღეს შეიძლება დასუფთავებას მეტი სჭირდებოდეს, ხვალ კი, ნაკლები. თუ საწვავი ძვირი ღირს, თანხაც მეტი უნდა. ზაფხულში ხალხი მატულობს და ხარჯი მეტია, ზამთარში _ მცირე.
_ პირველი ადამიანი ხართ, ვინც ამ საკითხებზე საუბარს დაგვთანხმდა. არც გამგეობის და არც საკრებულოს თანამშრომლებს, აღარაფერს ვამბობთ ხელმძღვანელ პირებზე, გამგებელზე საუბარი არ უნდათ. ისიც კი არ უთქვამთ, რომ გია კარგი პიროვნება იყო და რომ ჯერ ყველაფერი დასადგენია. თითქოს მისი დანაშაული უკვე დამტკიცებული იყოს… ეს რას ნიშნავს, მართლა “მგლური კანონები” გვმართავს და შინაურს დანდობა არ აქვს?
_ გიას მე ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც კარგ პიროვნებას. უამრავ გაჭირვებულს დახმარებია, უამრავისთვის უანგარო მეგობრობა გაუწევია. კარგი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი წარსულით. თუმცა, ვერ იტყვი ასე. შეიძლება ადამიანში რაღაცა მოხდეს. ამას ყველაფერს ძიება დაადგენს და მერე ვიტყვით, თუ რა მოხდა _ როცა სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. მანამდე შემიძლია ერთი რაღაცის თქმა _ მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, არც თქვენი და არც სხვისი განკითხვის უფლება არ მაქვს. მართალია ხშირად განმსჯით ხოლმე, მაგრამ როგორც ქრისტიანს, ამის უფლება არ გაქვთ. ჩვენ საკუთარი თავი, საკუთარი ქმედებები უნდა განვსაჯოთ. კანონთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ყველანი თანაბარი. ყველა გადაცდომაზე პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა პირმა, ეს იქნება საჯარო მოხელე თუ რიგითი მოქალაქე.
_ არის თუ არა გამგებლის ქმედებაზე პასუხისმგებელი საკრებულო, რომელიც კანონით ვალდებული იყო ზედამხედველობა გაეწია გამგეობის მიერ ფულის ხარჯვის მიზნობრიობაზე. ალეკო მამეშვილი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იყო. უფრო მეტიც, მან სპეციალურ ბრიფინგზე დასუფთავების სამსახურის კარგ მუშაობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი…
_ საკრებულო ყველაფერს მოისმენს, ყველაფერს გადაწყვეტს… საკრებულოც ელოდება გადაწყვეტილებას, სასამართლოს შედეგს… საკრებულო თავის მოვალეობას ასრულებს. რა უზუსტობასაც ხედავს, იმას ამოწმებს, ამონიტორინგებს.
_ მანამდე, 6 თვის ანგარიში ხომ ჩაიბარეთ?!… დასუფთავების სამსახურის მონიტორინგი გაგიკეთებიათ?
_ დასუფთავების სამსახურის მონიტორინგის აუცილებლობას თუ დაინახავს საკრებულო, გააკეთებს.
_ ამ ხნის განმავლობაში თუ გააკეთეთ?
_ მონიტორინგის ჩატარების უფლება აღმასრულებელ რგოლსაც აქვს.
_ თქვენ, საკრებულომ თუ ჩაატარეთ?
_ ამ თემაზე შეგიძლიათ შესაბამის კომისიებს მიმართოთ. მათ კომპეტენციაში შედიოდა ეს საკითხი.
_ რომელ კომისიას ეკუთვნოდა ამის შემოწმება?
_ ყველა კომისიასთან შეიძლება ამაზე საუბარი. ნებისმიერმა კომისიამ, თავისი ფუნქციით, შეიძლება ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირის, რომელიც ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს სახელმწიფო აუცილებლობის გამო, მონიტორინგი განახორციელოს.
P.S. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს არც ერთი კომისიის წარმომადგენელმა, ამ თემაზე ღიად საუბარი არ ისურვა. თუმცა, პირად საუბრებში დაადასტურეს, მსგავსი სახის მონიტორინგი არავის განუხორციელებია.