ამერიკული თეთრი პეპელა საკარანტინო მავნებელია, გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. დასავლეთ საქართველოში 1976 წელს იქნა შემჩნეული. ის აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს, განსაკუთრებით, თუთას, ატამს, ვაშლს, მსხალს, კაკალს, თხილს, იფანს და სხვა. მავნებელი გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით, ზრდასრული პეპელა დებს 200-2000-მდე კვერცხს, ტოტების ფოთლების ქვედა მხარეს. კვერცხი ღია ფერის ფენით არის დაფარული, ახლადგამოჩეკილი მატლები ქმნიან აბლაბუდიან ბუდეს, 15-20 დღის შემდეგ კი ტოვებენ და სახლდებიან ხეზე. ის იზამთრებს ხის ქერქში, მცენარეულ ჩამონაცვენში, ქვების ქვეშ, სახლებში, სიცივისაგან დაცულ ადგილებში, ფარდულებსა და საბარგულებში.
მავნებელი იძლევა ორ თაობას: მაის-ივნისსა და ივლის-აგვისტოში, იშვიათად, სამ არასრულ თაობას სექტემბერში. როცა პეპელა ზედიზედ რამდენიმე წელი მავნეობს ხეზე, მცენარის ტოტები ხმება; შეიძლება მცენარე მთლიანადაც გახმეს.
წლის დასაწყისში საკარანტინო საშიში მავნებლის ნაკლებობა იგრძნობოდა, თუმცა, აგვისტოს ბოლოს მან ისევ შემოგვიტია და მცენარეებს დაეტყოთ მავნებლის კვალი. აუცილებელია მოსახლეობამ იბრძოლოს მის გასანადგურებლად სხვადასხვა ღონისძიებებით. პირველ რიგში, საჭიროა მექანიკური ღონისძიების ჩატარება: ხეებზე ხდება დამჭერი სარტყელის გამოყენება, მავნებლის მატლებისაგან გაკეთებული ბუდეების ჩამოჭრა, დაწვა, ცეცხლის ალის გადატარება ფოთლებზე და მოჭრილი ტოტის დაცემის ადგილზე. ტოტებზე ბუდის მოწვა ხდება გრძელ ჯოხზე გაკეთებული ჩირაღდნით.
აგროტექნიკური ღონისძიებები ტარდება შემოდგომაზე და გაზაფხულზე. უნდა მოხდეს ხის ქერქის ჩამოფხეკვა მავნებლის მატლებისა და მოზამთრე ჭუპრებისაგან გასუფთავება.
მავნებლის ბუდე თითქმის ყველა მოსახლის ნაკვეთში შეიმჩნევა სხვადასხვა ხეხილზე, ხოლო მატლები არის როგორც ხეზე, ასევე სახლის კედლებზე, ფანჯარაზე, ამიტომ საჭიროა მოსახლეობამ ჩაატაროს მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა შევამციროთ საკარანტინო მავნებლის გამრავლების კერები.