კიში ფრანგული ღია ნამცხვარია, რომლის შიგთავსი სურვილის მიხედვით ან ჩვენს ხელთ არსებული პროდუქტებისგან შეგვიძლია მოვამზადოთ _ ხორცით, თევზით, ბოსტნეულით, ხილით… ცომი შესაძლებელია იყოს ფენოვანი, საფუარიანი, ფხვიერი, უბრალოდ, წყლით მოზელილიც კი. მთავარია, შიგთავსი კიშიდან არ იყრებოდეს. ამიტომ “შესაკვრელად” იყენებენ ყველს, ომლეტის მასას ან ჟელატინს. დღეს თევზის კიშის მომზადებას შემოგთავაზებთ.
საჭირო მასალა: ფენოვანი ცომი _ 450 გრ. თეთრი ფერის თევზის ფილე (მაგალითად, “გარბუშა”) – 400 გრ. წითელი თევზის ფილე (მაგალითად, ორაგული ან ტალაპია, რომლის ფილეებიც ჩვენს მაღაზიებში და ბაზრებში იყიდება) – 400 გრ, ნაკლებმარილიანი ყველი _ 300 გრ. სულგუნი _ 200 გრ. 1 შეკვრა მწვანე ხახვი.
ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ შესაბამისს ფორმაში, მოვაჭრათ ზედმეტი ნაწილები, თუმცა კიდეებზე გადასაკეცად 2 სმ დავუტოვოთ. დავაფინოთ თხლად დაჭრილი თევზის ფილე, მოვაყაროთ ცოტა მარილი, წიწაკა, მეორე ფენად მოვაყაროთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, მწვანე ხახვი, მესამე ფენად _ სხვა ჯიშის თევზის ფილეს თხელი ნაჭრები, თავზე მოვახეხოთ სულგუნი ან სხვა მდნარი ყველი. გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე აირღუმელში. მივირთვათ ცხელი ან ცივი.