შეხვედრაზე იმყოფებოდა “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტი სრული, 35-კაციანი შემადგენლობით და “თავისუფალი დემოკრატების” დაახლოებით ამდენივე წარმომადგენელი. შეხვედრას პარტიების ლიდერები და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის გურული პოლიტიკოსებიც _ ვლადიმერ სიხარულიძე, თემურ სალუქვაძე, ელგუჯა ჩხაიძე და რომან ბიწაძეც იყვნენ.
_ მოხდა შეთანხმება, რომ სამუშაო ჯგუფების დონეზე ვიწყებთ მუშაობას. ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით. მთავარი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას არჩევნების გზით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვლადიმერ სიხარულიძემ. მისივე თქმით, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები ერთიან ბლოკს შექმნიან და არ არის გამორიცხული, მათ სხვა პარტიებიც შეუერთდნენ.
შეხვედრით კმაყოფილია თემურ სალუქვაძეც: _ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამრჩა შეხვედრიდან, _ გვითხრა მან.
_ ბატონო თემურ, რა სამომავლო გეგმები დასახეთ ერთად?
_ ერთობლივად ვიმუშავებთ. ჩვენ ვართ, რესპუბლიკელებიც არინ. ვიმუშავებთ ერთი გეგმით.
_ როგორც ვიცით, ოზურგეთში “რესპუბლიკელებსა” და ალასანიას გუნდს შორის სერიოზული განხეთქილებაა. თუ გავითვალისწინებთ იმ კომენტარსაც, რომელიც თქვენს შესახებ მარინა სუნგულიამ ჩვენი გაზეთით გააკეთა, ფაქტია, რომ თქვენს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ეს გაერთიანება რამდენად იქნება რეალური გაერთიანება?
_ გაერთიანება არ მითქვამს. აღვნიშნე, რომ ერთობლივად ვუმუშავებთ.
_ როგორ მოახერხებთ ერთად მუშაობას, თუკი თქვენს შორის განხეთქილებაა?
_ ჩვენს შორის როგორ უნდა იყოს განხეთქილება? მე აბსოლუტურად სხვა პარტიის წარმომადგენელი ვარ, რესპუბლიკური პარტია კი სხვა პარტიაა. ვიღაცას შეიძლება რაღაც მოსაზრებები თავისთვის ჰქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მუშაობაში ხელს ნამდვილად არ შეგვიშლის. ჩვენ ამოცანები გვაქვს გაცილებით უფრო მაღალი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. და მერე მეორე _ მე არავისთან არ ვარ განხეთქილებაში. ყველას ვუყურებ ძალიან კარგი თვალით და ვფიქრობ, რომ ყველას აქვს იმის პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს ამ დემოკრატიულ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწარმოებთ. ამიტომ მე უარყოფითად არ ვუყურებ არც “რესპუბლიკურ პარტიას”, არც მის ხელმძღვანელობას და არც მის წევრებს. ვიღაცას შეიძლება ჩემს მიმართ რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს, ანუ რაც თქვენ თქვით ახლა, რომ სუნგულიამ რაღაც დაწერა ჩემს შესახებ. ეს შეიძლება, ჩავთვალოთ, როგორც სუბიექტური აზრი. მე ასეთი რაღაცეები არ მიშლის ხელს იმ დიდი ამოცანების შესასრულებელ გზაზე.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, მარინე სუნგულია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის არა “თავისუფალ დემოკრატებს”, არამედ თემურ სალუქვაძეს და მის გუნდს უპირისპირდება:
_ ადგილობრივი არჩევნების დროს, ჩვენ, “რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მას დავუთმეთ პოზიციები, (რომ არა ჩვენი ნება, ის სიის პირველი ნომერი ვერ იქნებოდა), რისი წყალობითაც სალუქვაძე საკრებულოს წევრი გახდა. ჩვენ გვინდოდა, რომ მიუხედავად თემურის წარსულისა, კიდევ ერთი დემოკრატიული მენტალობის და სანდო პარტნიორი შეგვეძინა, სამწუხაროდ მოვტყუვდით. მან ამის საპირისპიროდ არჩევნების პირველი დღიდან დაიწყო ჩვენი პარტიის დაშლაზე მუშაობა და ღიად დატოვა კარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის აქტიური და ერთგული წევრები იყვნენ და არიან. ჩვენი მყარი პოზიციაა, არ დავუშვათ “გამოუსწორებელი” ნაციონალების რეანიმაციის მცდელობა ახალ პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი “რესპუბლიკური პარტიაა”, რომლის არსებობა თემურ სალუქვაძეს ხშირად “ავიწყდება”. პოლიტიკოსი, რომელიც თანამებრძოლებს ღალატობს, ჩემთვის მიუღებელია. ყველასგან ვითხოვ ჯერ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და შემდგომ პირად ინტერესებზე ზრუნვას. მე ვერ დავუშვებ კლანურ ინტერესებს, რომ ოზურგეთის წესიერი მოსახლეობა კვლავ თამაშგარე დარჩეს. წინ გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლაა და რადგან უკვე მათგან ღალატი ვიგემეთ, ვერ ვენდობი.
ალასანია ვის წაიყვანს შეხვედრაზე, ეგ მათი საქმეა, მაგრამ თემური სალუქვაძე, როგორ გამოიყენებს ამ შეხვედრას, წინასწარ გეტყვით. არც თუ ისე შორეული წარსულის ფაქტს გავიხსენებ, როცა ბატონი თემური ევროპაში ბრძანდებოდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან ერთად. ყველას მოგვეხსენება, რომ ასეთ დროს სხვადასხვა დონის პოლიტიკოსებთან შეხვედრას თავად პროექტი ითვალისწინებს. დაბრუნებულმა სალუქვაძემ ადგილობრივი მედიით გააპიარა, რომ თითქოს ევროპის სახელმწიფო ლიდერებს შეხვდა და ისაუბრეს გურიის სამომავლო განვითარებაზე. ასეთი სიყალბეები ბევრი სჩვევიათ თემურ სალუქვაძეს და მის გუნდს, რაც ხშირად განათლებულ და პოლიტიკაში ჩახედულ ადამიანში ირონიას იწვევს. ახლა კი ივანიშვილთან შეხვედრის მომენტს გამოიყენებს პირადი რეიტინგის ამაღლებისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სუნგულიამ.