(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ დამდეგ ახალ წელს, ზღვა სიხარულთან ერთად, სამწუხაროდ, სევდა და ტკივილი მოსვლისთანავე მოაქვს, ხოლმე. ასე მოხდა წელსაც _ გურიაში, 2 იანვარს, ავტოავარიაში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო შუშხუნების აფეთქების შედეგად სოფელ ჭანიეთის ერთ-ერთ მცხოვრებს მძიმედ დაუზიანდა თვალი, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი გახდა.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ისააკ ლომთათიძის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური ახალ წელს ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში შეხვდა.
ოზურგეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, 31 იანვრიდან 3 იანვრამდე 97 გამოძახება იყო, ძირითადად, ავადმყოფობისა და სიმთვრალის შედეგად. გარდაცვალების ფაქტი 1 იანვარს, სოფელ ბაღდადში მოხდა _ გარდაიცვალა ონკოლოგიური ავადმყოფი.
რაც შეეხება ოზურგეთის სახანძრო სამსახურს, უფროსის ვარდენ რუსიეშვილის თქმით, ხანძრის ცალკეული შემთხვევები იყო, ძირითადად _ ბუხარში: _ დაიწვა ერთი თონის სახურავიც, თუმცა, მთლად განადგურებას გადავარჩინეთ. სულ სამ დღეში ოთხი გამოძახება იყო, _ გვითხრა რუსიეშვილმა.