ისტორია
გერმანული დრათჰაარის, იგივე უხეშბეწვას ჯიში მე-19-ე საუკუნეში, გერმანულმა ჯიშების შემჯვარებელთა ჯგუფმა შექმნა, იმისათვის, რომ მას გერმანულ ტყეებსა და მინდვრებში ადვილად ენადირა. ამ ჯგუფმა წარმატებას მიაღწია მოქნილი სანადირო ძაღლის შექმნის თვალსაზრისით; მის გამოსაყვანად მაშინდელმა მეცნიერებმა საუკეთესო გერმანული მონადირე ჯიშები შეაჯვარეს, როგორებიცაა სტიჩჰაარი, პუდელპოინტერი, გრიფონი და გერმანული კარზჰაარი.
გერმანული დრათჰაარი არის შეუპოვარი, საშუალო ზომის ძაღლი. მისი მხრების გარშემოწერილობა 61-დან 68 სანტიმეტრამდეა _ მამრებისთვის, ხოლო მდედრებისთვის _ 57-დან 64-მდე. მას ბეწვის ქვეშ აქვს მკვრივი და სქელი ტყავი, რომელიც სელექციურად შეირჩა, რათა ძაღლი დაცული ყოფილიყო მწერებისაგან, სითბოსა და სიცივისგან. ჯიშს გრძელი ულვაში და წარბები ახასიათებს, ეს ძაღლს თავისებურ ხიბლს აძლევს და აგრეთვე, სუნის უკეთ შეგრძნებაში ეხმარება.
დღეისთვის, გერმანული დრათჰაარი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და პოპულარული მონადირე ძაღლია გერმანიაში. ის ფიცხი და შრომისმოყვარეა; სპეციალისტები ამბობენ, რომ მას აქვს შეუდარებელი გამძლეობა, მონდომება და კონცენტრაცია. ნადავლის ძიების დროს იყენებს ცხვირს და მასზე განლაგებულ გრძელ ულვაშს; როდესაც ის მიაგნებს მოკლულ სამიზნეს, ბრუნდება პატრონთან და მითითებების საშუალებით მიჰყავს ის ნადავლთან. დრათჰაარს განუმეორებელი გამძლეობა და მოთმინება საუკეთესო მონადირედ აქცევს, მას ეხმარება სქელი ტყავი, რომელიც დრათჰაარს აძლევს შანს გაცუროს ცივ წყალში მოტივტივე ნადავლისკენ.
იმისდა მიუხედავად, რომ გერმანული დრათჰაარი შეუდარებელი მონადირეა, მას ასევე ხშირად გამოიყენებენ როგორც სახლის ძაღლს. ის გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით ბავშვებთან და სხვა ძაღლებთან; დრათჰაარი აგრეთვე ცნობილია იმით, რომ ის თავგამოდებით იცავს თავის სახლს და “ოჯახს”. მათი ინტელექტი და მშვიდი მანერები ეხმარება მას, ადვილად შეეჩვიოს ახალ სასიცოცხლო პირობებს.
როგორც ყველა მონადირე და სახლის ძაღლს, დრათჰაარსაც სპეციალური აღზრდა სჭირდება, მხოლოდ მაშინ დაგაკმაყოფილებთ ის თავისი სამსახურით.
გაწვრთნა
არსებობს ძაღლის გაწვრთნის რამდენიმე ხერხი, მაგალითად, ძალის გამოყენებით გაწვრთნა, მაგრამ ეს ცუდად მოქმედებს ძაღლისა და პატრონის ურთიერთობაზე და შეიძლება ძაღლის გაქცევამდეც კი მივიდეს. სანამ დაიწყებდეთ სერიოზულ მომზადებას, ძაღლს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენ არა მის დასასჯელად ან ტკივილის მისაყენებლად ხართ მიმართული, არამედ მის გასაწვრთნელად. ამას შეიძლება მიაღწიოთ მასთან თამაშით, მოფერებით, გამასპინძლებით და საყვარელი სათამაშოს მიცემით. ეს დაგეხმარებათ, გერმანული დრათჰაარი გადააქციოთ სანადირო იარაღად, რომელიც დიდად არაფრით ჩამოუვარდება თქვენს თოფს.
ვებგვერდის _ www.vdd-gna.org მასალების მიხედვით მოამზადა აკაკი სიხარულიძემ