დაფნა მცენარეა დაფნისებრთა ოჯახისა, მარადმწვანე ხეშეშ-ფოთლოვანი, ორსახლიანი, ხეები ან ბუჩქებია; აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები; მოლურჯო, შავი კურკიანი ნაყოფი.
კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა ტანდაბალი, ხე ან ბუჩქია. იზრდება კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში და სამხრეთ ყირიმში. გვალვაგამძლეა. კარგად ხარობს ნეშომპალაკარბონატულ დაწრეტილ ნიადაგზე და ვერ იტანს მის დამლაშებას. სინათლის მოყვარულია, თუმცა, სუსტი დაჩრდილვა არ ვნებს. უძლებს 16-17 გრადუსამდე ყინვას. მრავლდება თესლით, კალმით და გადაწვენით. ითესება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. აღმოცენების პერიოდი გრძელდება 46-81 დღე. ყვავილობს აპრილში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება, უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს, ფოთოლს ორ წელიწადში ერთხელ აგროვებენ.
ერთი ჰექტრიდან იძლევა 1-1,2 ტონა მოსავალს. ხმარობენ სუნელ-სანელებლად, საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობასა და კულინარიაში. დღემდე გამოიყენება საბრძოლო ტყვიაწამლის დასამზადებლად. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა. მერქანი გამძლე და დრეკადია. დაფნა დეკორატიულია და კარგად იტანს კრეჭას, იყენებენ ცოცხალ ღობედ და ბორდიურად.
დაფნა უძველეს კოლხეთში “არესის ჭალაკში” მდებარე მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის ბინადარი იყო და მედეა მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
დაფნის წარმოშობისა და გავრცელების ერთ-ერთ ძირითად ადგილად მიჩნეულია დასავლეთ საქართველო.