ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეპერტუარს, ერთ თვეში ვოდევილი შეემატება.
როგორც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, აქვსენტი ცაგარელის “ოინბაზი” რეჟისორ შოთა ბაბილოძის არჩევანია. მისი თქმით, ეს არის სიცილით ნათქვამი სიმართლე ყოფითი ცხოვრების სატკივარზე, კონკრეტულად კი სიყვარულის დეფიციტზე. საგულისხმოა ისიც, რომ მოქმედება ახალშეუღლებულთა ოჯახში მიმდინარეობს.
შოთა ბაბილოძე: _ ვოდევილი მხიარულად მოთხრობილი ცხოვრებისეული გაკვეთილი, პატარა, ჭკუის სასწავლი ამბავია. რეპეტიციები უკვე სცენაზე გადავიტანეთ. ცდას არ ვაკლებთ, რომ მაყურებელს ვასიამოვნოთ და თან დავაფიქროთ.
სპექტაკლში დაკავებული არიან მსახიობები: თეა ჯიჯიეშვილი, გიორგი დოლიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი და დებიუტანტი ქეთი ცეცხლაძე. “ოინბაზის” პრემიერა 9 მარტს შედგება.
პარალელურად, მიმდინარეობს მომდევნო საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობა _ რეჟისორი ოთარ კუტალაძე უკვე რეპეტიციებს გადის.