პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსავლისას, 53-ე სკოლის მოსწავლის გარკვეული ეპითეტებით მოხსენიებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოსაზრებები, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი საკითხის მიმართ, სხვადასხვაგვარია. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოზარდის “ხულიგნად” მოხსენიების ფაქტი არაეთიკურია, მსგავსი რეპლიკით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი დაირღვა.
“ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები”, _ ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის მიზეზით, №53 საჯარო სკოლიდან გარიცხეს, თუმცა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული.
ალექსიძის საქმით საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დაინტერესდა და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა: “საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებებისა და განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრიდან დარღვეულია მოსწავლე მიხეილ ალექსიძეს განათლების მიღების უფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 35–ე მუხლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციის 28–ე მუხლით ((http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1439).
სახალხო დამცველის რეკომენდაციას რეაგირება არ მოჰყოლია.
მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, მის ინტერესებს კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
“იმ დროს, როდესაც მიხეილ ალექსიძის მიმართ არ არსებობს არათუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ იგი ბრალდებულსაც კი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეში, ამასთან, მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დაუშვებლად მიგვაჩნია მისი მოხსენიება ხულიგნად. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არღვევს არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ ქმნის ვარაუდს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვის შედეგებზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა”, _ ნათქვამია განცხადებაში.