რამდენიმე თვის წინ, “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი, ვალერი გიორგაძე სამსახურიდან თაღლითობის ბრალდებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჩვენი გაზეთი იანვარში წერდა. 1986 წელს დაბადებული გიორგაძე ბანკის ფილიალის მოლარე ოპერატორი იყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იმ პერიოდში ბანკის ხელმძღვანელობა ამ ამბავის გახმაურებას მოერიდა და გიორგაძეს საქმის არაღძვრის სანაცვლოდ, თანხის უკან დაბრუნება შესთავაზა. როგორც ამბობენ, ყოფილმა მოლარე-ოპერატორმა თანხა ვერ დააბრუნა და გასულ კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უკანონოდ სარგებლობდა ბანკის სხვა უფლებამოსილი თანამშრომლების “იუზერებითა”” და პაროლებით, რითაც ახდენდა ფიზიკურ პირთა დაბლოკილი ანგარიშებიდან ბლოკების მოხსნას და ანგარიშების მფლობელების შეცვლას, რის შედეგადაც ანგარიშის ჩანაწერში შესული ნებისმიერი ოპერატორი ან ბანკის სხვა უფლებამოსილი თანამშრომელი ანგარიშების მფლობელებად მის მიერ შეტანილი ცვლილებების შედეგად მითითებულ პიროვნებას ხედავდა. ამის შემდეგ ვალერი გიორგაძეს მის მიერ გაყალბებული ხელმოწერებით გამოწერილი გასავლის ორდერებით სალაროდან გამოჰქონდა თანხები და ითვისებდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გიორგაძის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უკანონოდ შესრულებულ იქნა 99 საბანკო ოპერაცია და ამ გზით 2010 და 2011 წლებში თაღლითურად, მითვისებული იქნა 41 045.75 ლარი და 1 078 აშშ დოლარი.
გიორგაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.