საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “ფონდი ქომაგი”, რომლის ხელმძღვანელია ია მეტრეველი, ცოტა ხნის წინ შეიქმნა და როგორც მეტრეველი აღნიშნავს, მათი მიზანია სამართლებრივი, მორალური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ თანამოქალაქეებს.
_ ამ ინიციატივისკენ გვიბიძგა ბოლო პერიოდში პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან დათხოვნილი პედაგოგების სიმამაცემ და პასუხისმგებლობამ. მათ უარი თქვეს თავისუფალი აზრის დამთრგუნველი სახელმწიფო მანქანისადმი მორჩილებაზე და ამით შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა _ საკუთარ მოსწავლეებს საქმით აჩვენეს ის, რასაც ასწავლიდნენ: თავისუფლება, ღირსება, პრინციპულობა. ჩვენ თავად ვართ სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლნი და კარგად ვიცით, რას ნიშნავს ასეთ დროს გამოხატული სოლიდარობა და თანადგომა. ამასთანავე, გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ მაშინ ეშველება, როდესაც მოქალაქეები დავიწყებთ სხვისი უფლებებისთვის ბრძოლას _ ანუ ბრძოლას სამართლიანობისთვის და არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ზრუნვით, _ აღნიშნავს მეტრეველი.
მისივე ინფორმაციით, ამ პროექტში მონაწილეობას უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც მიიღებენ.
_ ჩვენი წამოწყება არ გულისხმობს პოლიტიკური დევნის მსხვერპლთათვის მხოლოდ ფინანსური დახმარების აღმოჩენას. ჩვენ, პირველ რიგში, მორალური და პროფესიული დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ მათ. ამიტომ, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იურისტებთან, უფლებადამცველებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და მათ გაერთიანებებთან, _ ამბობს მეტრეველი და დასძენს, რომ ორგანიზაცია დაეხმარება ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტიურობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ, სახელმწიფო შემწეობას მოუხსნიან, დააჯარიმებენ, ქონებას წაართმევენ, დაასახიჩრებენ, ციხეში გამოამწყვდევენ ან სხვაგვარად შელახავენ მათ უფლებებს.
მეტრეველის ინფორმაციით, “ფონდი ქომაგი” დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მოახდენს წართმეული სოციალურ შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას და პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, ოჯახის წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე.