თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, პარტია “განახლებული საქართველოს” წევრებს ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილს და გოჩა მანჯავიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 20-დღიანი პატიმრობა ადვოკატისა და მოწმეების დაკითხვის გარეშე შეუფარდა _ მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
“გურია ნიუსის” ადვოკატ გიორგი ქოიავას ესაუბრა:
_ ბატონო გიორგი, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები?
_ ლაშა ჯავახიშვილი, დევი ნანობაშვილი, გოჩა მანჯავიძე დღეს გამართული აქციის მონაწილეები იყვნენ. აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. გზის გადაკეტვა იყო გამოწვეული აუცილებლობით, თუმცა, გზაც არ გადაკეტილა კატასტროფულად. როგორც კი მოვიდა პოლიციის კორდონი, აქციის მონაწილეებმა აიწიეს ზემოთ და გზა გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, სამივე ბიჭი იქედან მიდიოდა. დააკავეს და სამივე წამოიყვანეს სასამართლოში.
_ თქვენ ესწრებოდით სასამართლო პროცესს?
_ 5 საათზე იყვნენ სასამართლოში. რა ადვოკატი, რის ადვოკატი. 166-ე და 173-ე მუხლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით მიუსაჯეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა _ ვითომ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა.
_ რაში გამოიხატებოდა ხულიგნობა?
_ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგიო, გზას კეტავდნენო. ამ დროს, კანონი მანიფესტაციების შესახებ, იძლევა ამის უფლებას. წინასწარ იყო გაფრთხილებული თბილისის მერია ისე, როგორც ითვალისწინებს კანონი. ეს არ იყო არასანქცირებული მსვლელობა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამათ არც ჰკითხეს _ გინდათ დამცველი, არ გინდათ, ადგნენ და ისე გაასამართლეს. მე როცა მივედი, მეგონა, შევიდოდი, ვნახავდი. სასამართლოში რომ მივედი, მითხრეს, უი, უკვე გავასამართლეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვისო.
_ სადაურები არიან ეს ბიჭები?
_ ერთი პარტია “განახლებული საქართველოსთვის” ისნის ახალგაზრდული განყოფილების თავმჯდომარეს მოადგილეა, ნანობაშვილი _ მთაწმინდის რაიონის, მესამე უბრალოდ აქციის მონაწილე.
აქ არიან მოწმეები, რომლებიც არავინ შეიყვანა და არ დაკითხა. არადა ადამინისტრაციული კანონით დაკითხვა გათვალისწინებულია.