9 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნა. მუნიციპალიტეტში სულ ომის 33 ვეტერანია. 9 მაისს ისინი, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ვეტერანებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა:
_ გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. სამწუხაროა, რომ წლებთან ერთად იმ ადამიანების რიცხვი კლებულობს, რომლებმაც ომი საკუთარ მხრებზე გადაიტანეს, მაგრამ მიხარია, რომ თქვენ დღეს აქ გხედავთ. დღეს ჩოხატაურში 33 ომის ვეტერანი ცხოვრობს. წელს ოცდაცამეტივე ომის ვეტერანს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან, საპენსიო ბარათებზე, ამ დღესთან დაკავშირებით, ერთჯერადად ჩაერიცხებათ 100 ლარი, ხოლო ცენტრალური ხელისუფლებისგან _ 200 ლარი. იგივე თანხა ჩაერიცხებათ ომში დაღუპულთა ქვრივებს (ჩოხატაურში დღეს ასეთი 9 ქალბატონი ცხოვრობს). სულ 42 ოჯახი მიიღებს ამ დახმარებას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყურადღება გამოვიჩინოთ თქვენ მიმართ არა მარტო ამ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
ომის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიმღერები შეასრულეს ანსამბლებმა _ “ნართიმ” და “მანდილმა”. მუზეუმში გამართული შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა _ პლატონ წიქარიძის და ჭიჭიკო ბენდელიანის საფლავები.