ტაკიძე, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა მონატრებულ შვილებთან თამაშით ერთობა და მისი ისტორიის დეტალებზე “გურია ნიუსს” ექსკლუზიურად უახლოეს მომავალში ესაუბრება:
_ სამომავლო გეგმები, ჯერჯერობით, არ დამისახავს, რადგან პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა მივხედო, რომელიც პატიმრობის დროს საკმაოდ შემერყა. ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და ოზურგეთში სრული გამოჯანმრთელების შემდეგ დავბრუნდები, _ გვითხრა ტაკიძემ და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენების გამო, ის საინტერესო რესპონდენტი აღარ იქნება. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი დაპატიმრების ირგვლივ, დღემდე არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.
შეგახსენებთ, რომ გია ტაკიძე ქრთამის აღების ბრალდებით გასული წლის აგვისტოში დააკავეს. ბრალდებას მხოლოდ ერთი მამხილებელი საბუთი _ ამ საქმის გახსნის მთავარი გმირის, მერაბ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენება დაედო საფუძვლად. ვერავინ იპოვა ის ხელშეკრულება, რომელიც თითქოს ტაკიძემ, ქრთამის სანაცვლოდ გააფორმა კურდღელაშვილთან. თუმცა, ჟურნალისტებმა სულ ადვილად დაადგინეს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან ხელშეკრულებებს არა გამგებელი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე აფორმებდა. მართალია, მოგვიანებით ტაკიძემ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა, ამ აღიარების არავის სჯერა. სამაგიეროდ სჯერათ, რომ ამ ამბიდან ძალიან სუფთად “გამოძვრა” ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეიშვილი, რომელსაც ტაკიძის შესახებ ერთი კარგი სიტყვის თქმაც კი დაენანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაკიძის გათავისუფლების მიზეზი მოახლოებული არჩევნებია _ ყოფილ გამგებელი, ოზურგეთში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს და არჩევნების მოსაგებად, ხელისუფლებას მისი დახმარება ნამდვილად დასჭირდება.
დაეხმარება თუ არა ტაკიძე იმ ადამიანებს, რომლებმაც იგი ციხისთვის გაიმეტეს, მისი ოზურგეთში დაბრუნების შემდეგ გავიგებთ, რადგან ტაკიძე “გურია ნიუსს” ვრცელ და ექსკლუზიურ ინტერვიუს გამოჯანმრთელების და მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ დაპირდა.