_ ქალბატონო მანანა, წინასაარჩევნოდ მთავრობის ეს საკადრო ცვლილება რას შეიძლება უკავშირდებოდეს?
_ ჯერ შსს მინისტრი არ დაუსახელებიათ, საუბრობენ ახალაიას დანიშვნაზე.
ეს არის მორიგი წინასაარჩევნო მანევრი ხელისუფლების მხრიდან. ალბათ, ამით ხალხის დაბნევას ცდილობენ. სამ თვეში რა პროგრამის განხორციელება უნდა დაიწყონ, რაც ამ წლების მანძილზე არ უკეთებიათ?
ცოტა სასაცილო იყო, გუშინ დაასახელა კაცი და ორშაბათს პროგრამას წარმოგიდგენთო. ორ დღეში რა პროგრამა უნდა დაწეროს? თუ ასეთი პროგრამები ჰქონდა, აქამდე გადაეყვანათ. რა ვიცი, აქამდე გილაური იყო თითქოს ძალიან წარმატებული პრემიერი და წარმატებული მთავრობა გვყავდა. არჩევნების წინ, სამი თვით ადრე, მთავრობას რომ ცვლი, ძალიან არასერიოზულია.
_ ვანო მერაბიშვილმა აქცენტი სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვაზე გააკეთა, პრიორიტეტებადაც ეს სფეროები დასახა…
_ ეგ სფეროები ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი იყო ჯერ კიდევ 2004 წელს და სთავაზობდა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სერიოზულ პროგრამას და ინვესტიციას. როგორც კი ჩვენ სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვაზე აქტიურად დავიწყეთ საუბარი, ახლა გადაერთნენ მაგაზე. 8 წელი ჩვენი ხელისუფლებისთვის არ იყო სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი და ახლა გაახსენდათ? ჰგონიათ სამ თვეში ისეთ რეფორმებს გაატარებენ, რომ ხმებს მოიპოვებენ?
ეს ყველაფერი არის მანევრი, რაც სასაცილოა. ძალიან მარტივია საკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ეს კარუსელები ბევრი გვინახავს, მინისტრების ცვლილებები მომსწრეებიც უამრავჯერ ვყოფილვართ. შედეგად, ქვეყანა კატასტროფამდეა მისული. ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად გადაყვანით ცდილობს ხელისუფლება ვინმე დაარწმუნის იმაში, რომ მერაბიშვილი დაამარცხებს უმუშევრობას? საინტერესოა, საიდან გააჩენს სამ თვეში იმ სამუშაო ადგილს, რომელსაც რვა წელია ანგრევენ? მთელი ბიზნესი დაანგრიეს. საშუალო ფენა აღარ არის.
1 000 000 კაცი ღატაკია საქართველოში. როგორ უნდა დაამარცხოს მერაბიშვილმა სამ თვეში ეს სიღარიბე, ცოტა წაროუდგენელია. ალბათ, ამით ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ამომრჩევლებს თავს მოახვიონ “ახალი” ცვლილებები. ეს ყველაფერი არის ფასადური და ფარსი, ისევე როგორც 8 წელი იყო ფასადური.
_ შს მინისტრის ორ კანდიატურაზე საუბრობენ დათა ახალაიასა და დიმიტრი შაშკინზე, როგორი არჩევანი იქნება ან ერთი, ან მეორე?
_ ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ერთი მეორეზე უარესია. ზოგადად, ამ ხელისუფლებამ ვინც არ უნდა მოიყვანოს და ვინც არ უნდა შეცვალოს, თვითონ ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, არაფერი არ შეიცვლება.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ადამიანი, რომლის გვარიც ფიგურირებს ევროსასამართლოს ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებაში, ვგულისხმობბ გირგვლიანის საქმეს, იმას უპირებენ მინისტრობას? ასეთ დანაშაულთან დაკავშირებული გვარი, ყველგან ძალიან სახიფათოა.
ხელისუფლებამ რა გადაადგილებაც არ უნდა ჩაატაროს, ჩვენ ჩვენს კამპანიას ვაგრძელებთ. რაც არ უნდა შეცვალონ, ოქტომბერში გადაუვალია მათი წასვლა. შაშკინი იქნება თუ ახალაია, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება ვიდრე მთლიანად არ შეიცვლება ხელისუფლება.