ადგილობრივების განცხადებით, მოხერხდა 7 დაღუპულის ამოცნობა. დანარჩენებს სახეები აქვთ დასახიჩრებული და მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
ხეობაში მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” აცხადებენ, რომ ეს ბიჭები ადრეც ხშირად გადასულან იგივე დაღესტანში. მათი ინფორმაციით, “დაღესტანში ამ დღეებში უნდა მომხდარიყო “კავკასიის ემირატის” შეკრება. ეს ბიჭები მიდიოდნენ ამ შეკრებაზე დასასწრებად”. ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, “მათ გამცილებლებად მთელი ამ ხნის განმავლობაში იყვნენ სამართლადამცავი ორგანოები”. ის შოკოლადისფერი ჯიპები, რომელზეც ლაფანყურელები საუბრობდნენ, რომ ხედავდნენ, ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, “არის ქართველი სამართალდამცავების მანქანები, რომლებითაც ისინი ემსახურებოდნენ ამ ბიჭებს”. პანკისელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ “ის რაც მოხდა, არის დიდი ღალატი”.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ორი გარდაცვლილი გვარად მარგოშვილია, ერთი კი _ ბაღაკაშვილი. ასევე “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი სპეციალურად ჩამოვიდა ავსტრიიდან, რომ ამ ჯგუფს შეერთებოდა და გადასულიყო დაღესტანში. სწორედ დაღუპულთა შორის არის ავსტრიიდან ჩამოსული.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ ბოევიკები, სინამდვილეში, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ.
ჩვენი კორესპონდენტი ამ წუთებში კი იმ ადგილას იმყოფება, სადაც გვამებს ელოდებიან.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, “ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. “ბოევიკები” პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან”. მათი განცხადებით, “ისინი ვაჰაბიტები იყვნენ და დაღესტნის გავლით სირიაში გადასვლას და ამბოხებულთა მხარეს ბრძოლას აპირებდნენ”.
როგორც პანკისელები გვიყვებიან, “სირიელ ამბოხებულთა მხარეს დაღუპულთა შორის რუსლან გილაევის ვაჟიც იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და რომელიც დუისშია დაკრძალეს”. პანკისის მცხოვრებთა თქმით, “ეს ბიჭებიც აპირებდნენ იქ ჩასულიყვნენ და სირიელი ამბოხებულების მხარეს ებრძოლათ”.
საფლავების გათხრა, წუხელ, გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში დაიწყეს. პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს. დაღუპულები ჰყავს სამ სოფელს, _ დუისს, ჯოყოლოსა და ბირკიანს. როგორც პანკისელები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, ზუსტად არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ რომ, 11-ვე ამ ხეობიდანაა.
ჩვენ უკვე გაგაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთში კი უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის კომენტარს შემოგთავაზებთ.