რამდენიმე დღის წინ, “გურია ნიუსმა” ამ სიის ნაწილის მოპოვება შეძლო. უფრო კონკრეტულად კი, ჩოხატაურში, მმართველი პარტიის ოფისში აღმოვაჩინეთ ფურცლები, რომლებზეც ინდმეწარმეების პირადი მონაცემები ეწერა.
შესაძლოა, ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილიყო, რომ არა ერთი დეტალი _ სიაში ეწერა ინდმეწარმე გოჩა თოდრიას მონაცემები, საბანკო ანგარიშები და სხვა დეტალები.
როგორც დავაზუსტეთ, გოჩა თოდრია “გურია ნიუსისთვის” მიცემული კომენტარის შემდეგ გახდა ხელისუფლებისთვის საინტერესო.
თოდრია, 19 აგვისტოს, “ქართული ოცნების” წევრებისთვის ნათქვამი გამარჯობის გამო დასაჯეს და ბახმაროში არ შეუშვეს, რასაც ამ უკანასკნელის აღშფოთება მოჰყვა და ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა.
თოდრიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირება მას მძიმედ დაუჯდება და, მინიმუმ, სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევს.
წყაროს თქმით, მსგავსი სიები “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ოფისში მრავლადაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორი დღის წინ, ჩვენმა ობიექტივმა პარტიის ოფისში, დოკუმენტებით შესული საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძეც დააფიქსირა.
ჩვენ კითხვაზე, რა დოკუმენტები შეიტანა მან პარტიაში, ხუნდაძის პასუხი ასეთი იყო:
_ თქვენ ვინ გეკითხებათ?!
ამ ყველაფერთან ერთად პარტიის ოფისის კარი საგულდაგულოდ ჩაიკეტა. “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურელი აქტივისტები კარებთან მუდმივად მორიგეობენ და ოფისში შესვლის საშუალებას “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს არ აძლევენ.
თუ რა არის ამის მიზეზი, პარტიაში არ განუმარტავთ. თუმცა, თუ ბოლო მოვლენების მიხედვით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” იმ დოკუმენტების და სიების “გამომზეურების” ეშინია, რომლებიც მათ ოფისში ჩვენი წყაროს თქმით საკმაოდ ბევრი დაგროვდა.