„თქვენ თავად ხედავთ, რა პირობებში უწევს ქალბატონ ლეილას ცხოვრება. 70 წლის ქალბატონი, მარტოხელა პენსიონერი, შვილმკვდარი დედა და დღემდე კუთვნილი სამედიცინო დაზღვევის პოლისის მოლოდინში. ამ ადამიანისთვის არც ხელისუფლება არსებობს, არც მთავრობა და არც ხელისუფლების მიერ აგრე რიგად ნაქები „ეფექტური“ სოციალური პოლიტიკა და ყველაზე სამწუხარო და გულსატკენი ისაა, რომ ქალბატონ ლეილას მსგავს მდგომარეობაში, ოზურგეთსა და მთელს გურიის რეგიონში, ძალიან ბევრი მოხუცი და მარტოხელა ადამიანია – ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ მიტოვებული და უყურადღებოდ დატოვებული“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
როგორც ანასეულში შეკრებაზე მოსულმა ადამიანებმა აღნიშნეს, ასეთი ტიპის სოციალურად დაუცველი ოჯახები მათ დასახლებაში მრავლადაა. ქალბატონმა ლეილა ქავთარაძემ და თავად ამ ადამიანებმაც რამდენჯერმე დასვეს ამ ოჯახებისთვის მათთვის კუთვნილი პოლისის და უმწეობის სტატუსის მინიჭების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ.