სტატიაში, ჩვენს წყაროზე დაყრდნობით ვწერდით, რომ ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, გიორგი ტაკიძეს, რომელსაც საპროცესო შეთანხმების შედეგად ორწელიწადნახევარი მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ციხიდან უშვებდნენ. ამავე წყაროს ცნობით, ტაკიძის გამოშვება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდა _ გამოსვლის შემდეგ, მას, მინიმუმ, 2 000 ხმა უნდა შეეგროვებინა ხელისუფლებისთვის.
ამავე სტატიაში ვწერდით, რომ წინასაარჩევნო თავისუფლებას თავისი პარტიული მიზანი ჰქონდა: სახელისუფლებო პარტიას ნატანებში, სადაც გიორგი ტაკიძე ცხოვრობს, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს და ყოფილი გამგებლის დახმარება სწორედ აქ დასჭირდათ _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნატანების თემში, სადაც გიორგი ტაკიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ყოფილ გამგებელს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
ჩვენი ინფორმაცია ციხიდან გამოშვების შესახებ, ძალიან მალე გამართლდა _ 29 ივნისის, საღამოს, ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, პატიმრობაში მყოფ გია ტაკიძეს ციხის კარი მოულოდნელად გაუღეს და გაათავისუფლეს. საკნიდან “ჩუსტებით” და უფულოდ გამოვიდა, ქუჩაში კი ტაქსის მძღოლს თხოვა, როგორმე სახლამდე ჩაეყვანა.
ინფორმაციას ხმების შეგროვების შესახებ, გია ტაკიძე “გურია ნიუსთან” კატეგორიულად უარყოფდა. მაგრამ დიდი დრო არც ამის დასამტკიცებლად დაგვჭირვებია _ ციხიდან გამოსული გია ტაკიძე, პოლიტიკურ ასპარეზზე, პირველად, სოფელ შემოქმედში გამოჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. შემდეგ, ის თეატრში, მეუღლესთან ერთად დავაფიქსირეთ, სადაც რამაზ ნიკოლაიშვილი და მეუფე იოსები “ვერის უბნის მელოდიებს” ესწრებოდნენ. ბოლოს კი, სოფელ ნატანებში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ხალხს აგროვებდა სააკაშვილთან შესახვედრად.
უფრო ადრე კი, მასთან პარტიული ვიზიტით, გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი და მისი მოადგილე, ლელა თავართქილაძე იმყოფებოდნენ.
გიორგი ტაკიძის სასამართლო პროცესებზე, რომელსაც “გურია ნიუსი” სისტემატურად აშუქებდა, მათთვის თვალი ნამდვილად არ მოგვიკრავს, მაგრამ არჩევნებზე “ყველაფერი მოსულა”.
_ ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ მაგ თემაზე საუბარს, გმადლოოობთ! _ გვითხრა თავართქილაძემ ტაკიძესთან მისი ვიზიტის შესახებ და ტელეფონი გაგვითიშა.
“გურია ნიუსის” არქივში იმ შეხვედრის დეტალებიც ინახება, რომელიც გია ტაკიძის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, გურიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შედგა.
ეს მოხდა 2011 წლის 9 აგვისტოს _ დახურული” სხდომის დასრულების შემდეგ, პირველი, ვინც სხდომათა დარბაზი დატოვა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იყო. მას უკან ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე და გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მოჰყვებოდნენ ფეხდაფეხ.
მაშინ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გამგეობის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს თანამდებობის პირებს, გურიის გუბერნატორთან და მის მოადგილეებთან ერთად, თათბირს უტარებდა. შეხვედრის მთავარი თემა, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გამგებლის საქმე იყო.
“ხელისუფლების მსუბუქი დატუქსვის შემდეგ, ნიკოლაიშვილი ლანძღვაზე გადასულა და განსაკუთრებით შეჭრილა როლში ტაკიძის “დახასიათებისას”: “…შოკში ვარ, რა გვიქნა ამ ბიჭმა, გვიღალატა! მე დღედაღამე წელებზე ფეხს ვიდგამ, ვმუშაობ და ეს რა გააკეთა კაცმა, მე პირადად, მაქსიმალურად შევეცდები, სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯოს და არანაირი საპროცესო გარიგება არ შედგეს”, _ ჩვენი წყაროს თქმით, ასეთი განცხადება გაუკეთებია შარშან, 9 აგვისტოს ნიკოლაიშვილს.
მის გვერდით მჯდომი, გურიის გუბერნატორისთვის კი უთქვამს: _ მოგეცი იმის უფლება, რომ შენი მეგობარი ტაკიძე გამგებლად დაგენიშნა, ახლა ხომ ხედავ, რაც გვიქნა და დაგვმართაო.
“ვალერ, ახლა ყველაზე ცუდ დღეში შენ ხარ, მაგრამ მე მაინც არ მჯერა, რომ შენ რამეში იქნები გარეული. პრეზიდენტთან თავი მომჭერით და არც გეღირსებათ მისი აქ ჩამოსვლა. მე როცა თათბირი ჩაგიტარეთ, ხომ გითხარით, რომ მქონდა ინფორმაცია, რაც მზადდებოდა, მაგრამ თქვენ არც ჩემი დარიგება გაითვალისწინეთ. ახლა კიდევ ხუთ ორგანიზაციაში შევლენ”, _ საკმაოდ მკაცრი და ხმამაღალი ტონით საუბრობდა ნიკოლაიშვილი, რომელიც, თურმე, შემცბარი ჩანდა”, _ ამბობდა მაშინ წყარო.
მაგრამ, არჩევნებმა, წყენა რამაზ ნიკოლაიშვილსაც დაავიწყა და გიორგი ტაკიძესაც.
“გურია ნიუსი” გიორგი ტაკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი ინფორმაცია ნაციონალების არჩევნებში დახმარების შესახებ დაადასტურა.
_ ბატონო გია, გავიგეთ, რომ რამაზ ნიკოლაიშვილისთვის წინასაარჩევნოდ, ხმების შეგროვებაზე აქტიურად მუშაობთ, ხშირად ხართ მის გვერდით, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_დიახ ვადასტურებ. მე მხარს ვუჭერ რამაზ ნიკოლაიშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” ნამდვილად და ყველას, ჩემს ახლობლებს მოვუწოდებ, რომ ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს დაუჭირონ მხარი!
_მადლობა, გულწრფელობისთვის, მაგრამ როცა ციხეში იყავით, ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებდა, რომ თქვენ სასჯელის უმკაცრესი ზომებით უნდა დასჯილიყავით და ამის პირველი მომხრე თავად იქნებოდა. აცხადებდა, რომ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ… “გურია ნიუსი” ამის შესახებ წერდა.
_ არ ვიცი. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ ნამდვილად.
თუმცა, მისი ეს “არაინფორმირებულობა” ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან სასამართლო პროცესებზე მისულებს, ტაკიძის ოჯახის წევრები და ნათესავები გვეუბნებოდნენ, რომ ყველა ინფორმაციას და მასალას კითხულობდნენ, რაც “გურია ნიუსში” მის შესახებ იბეჭდებოდა.
“დღეს, გიორგი ტაკიძეს ნატანებლებთან ასეთი თხოვნით მიდის _ გეხვეწებით, ხმა ნაციონალებს მიეცით, თორემ ისევ ციხეში შემაბრუნებენო”, _ ამბობს ჩვენი წყარო.
_ ზოგს ეცოდება, ზოგიც ხათრს ვერ უტეხს და ასე სამადლოდ, ხმებს აკოწიწებს. გია ტაკიძე ძალიან ხშირად არის ნატანებში, მუშაობს ხალხის გადაბირებაზე, დაყვავებით ესაუბრება და დაპირებებით ავსებს ადამიანებს, _ გვატყობინებენ ნატანებიდან.
ასეთი შეხვედრა ამ რამდენიმე დღის წინაც შემდგარა. “გურია ნიუსი” ესაუბრება სოფელ ნატანების მცხოვრებს, რომელსაც თავისი ვინაობის დამალვა არ უთხოვია, მაგრამ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ მისი ვინაობის გამჟღავნებისგან.
_ ვინ ესწრებოდა შეხვედრას გიორგი ტაკიძესთან ერთად?
_ ნაციონალები ესწრებოდნენ.
_ რა ტიპის შეხვედრა იყო?
_ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების შეხვედრა იყო, ჩვეულებრივი _ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ხალხს! სიებს განიხილავდნენ, გია, როგორც პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი აზრით, ის ვიღაცის ინტერესებს შეეწირა, გია მოღალატე კაცი არაა, არასოდეს არ ყოფილა, მე მას ბავშვობიდან ვიცნობ _ არასოდეს არ დამიჯერებია და ვერც დავიჯერებ, რომ გია რაღაც გარიგებაზე წავიდა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას.
_ თუმცა, ფაქტია, რომ მან დანაშაულიც აღიარა…
_ ფაქტია, დაიჭირეს. კი, ბატონო, აღიარა კიდეც. არ უშვებდნენ და რა ექნა? გამოუშვეს, ციხეში ჯდომას ყველაფერი ჯობდა. თქვა, რომ მაინც მისჯიან და ამას ყველაფერი ჯობიაო, ადგა და დაიბრალა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად და მათთვის ხმების შესაგროვებლად, თანამშრომლობა დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი ტაკიძესთან ერთად დაკავებულ მერაბ კურდღელაშვილსაც მოსთხოვა, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. კურდღელაშვილს ამ თემაზე საუბარი “გურია ნიუსთან” არ სურს.