მოსახლეობასთან შეხვედრა საღამოს 18 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში გაიმართა. ბესელიასთან ერთად, ლანჩხუთს სტუმრობდნენ ადვოკატი ლია მუხაშავრია, მსახიობი მერაბ თავაძე და ცნობილი ტრიო “თბილისის” წევრი, მომღერალი ზაზა მამალაძე.
სიტყვით გამოსვლისას ბესელიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ, როგორც სტუმრები, ასევე კოალიციის ადგილობრივი მხარდამჭერები. მერაბ თავაძის თქმით, როგორც კი გაიგეს მან და ზაზა მამალაძემ, ორმა გურულმა, რომ გურიაში იგეგმებოდა ადგილობრივი კანდიდატის, თემურ ჩხაიძის მხარდასაჭერი აქცია, მაშინვე აქეთ გამოუწიათ გულმა. იგი დაპირდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც მისი თქმით “მთლიანად ოპოზიციურია”, რომ მათთან ერთად აუცილებლად აიხდენს ქართულ ოცნებას _ მალე იცხოვრებენ ახალ და უკეთეს საქართველოში.
გვიმბალაურის მოსახლეობის დიდი ნაწილი მკვეთრად ოპოზიციური განწყობებით გამოირჩევა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების დიდი თავის ტკივილია. მათი ანტისამთავრობო დამოკიდებულების გასაბათილებლად და ამომრჩევლის გადასაბირებლად სოფელში, რომელიც სულ რაღაც ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული რაიონულ ცენტრს, გიორგი გოგუაძის, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის შტაბიც კი გაიხსნა. ასეთი ფაქტი ადრე, არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს გვიმბალაურის მოსახლეობამ ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირა მხარი. ეს კარგად იციან ადგილობრივ მთავრობაში. სწორედ ეს გახდა წელს მათი განსაკუთრებული გააქტიურების მიზეზი.
თემურ ჩხაიძის მხარდასაჭერი აქცია ბენზინგასამართი სადგურის “სოკარის”მიმდებარე პარკში გაიმართა, რომელიც 200 მეტრითაა დაშორებული ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობას. სწორედ აქედან ადევნებდნენ შეხვედრას თვალს გვიმბალაურის საარჩევნო უბნის “ნაციონალი” წევრები.
მოსახლეობას სიტყვით მიმართა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ. არასამთავრობო ორგანიზაციის “ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის” დამფუძნებელმა ელიზავეტა ფიოდოროვამ დაზარალებულ ფერმერთა სახელით გააკეთა განცხადება. იგი თითქმის ერთი წელია ამაოდ ითხოვს სამთავრობო სტრუქტურებიდან დახმარებას.
შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გიორგი გოგუაძის ახლადდამონტაჟებული ბილბორდის “მეთვალყურეობის” ქვეშ მიმდინარეობდა, რომელზეც ნაციონალი კანდიდატი ხალხზე მზრუნველი ლიდერის იმიჯითაა შემოსილი.