ეს გამოწვეულია იმით, რომ ნატანები ძალიან ოპოზიციური სოფელია და სასულიერო პირისგან ნაციონალურ ხელისუფლებას ხმების მოპოვებაში დახმარება სურს, – ამბობს ჩვენი წყარო, რომელსაც ვინაობის იდენტიფიცირება არ სურს, რადგან საჯარო სამსახურში მუშაობს.
“გურია ნიუსი,” რამაზ ნიკოლაიშვილისგან მამა მიქაელზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტების დასადასტურებლად, თვით მამაოს დაუკავშირდა: _ მამაო, ოზურგეთში ჩვენი წყაროები და საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი დაგემუქრათ ჯვრის აყრით, ზეწოლა მოახდინა და ასე შემდეგ… ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
მამა მიქაელი კომენტარისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პირად საუბრებში შეუძლია გვესაუბროს, მაგრამ ჯვართამაღლების დღეს ამაზე საუბარი არ უნდა და თავშეკავება ურჩევნია:
_ გთხოვთ, ნუ მკითხავთ. ჩემთვის დღეს ძალიან ამაღლებული დღე _ ჯვართამაღლების დღესასწაულია, ძალიან გთხოვთ, ვერაფერს ვერ გეტყვით.
_ მამაო მიქაელ, ამ კითხვას საზოგადოება სვამს. მათ ჩვენ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ… ძალიან ბევრი მოქალაქე გვეკითხება ამის შესახებ.
_ ვიცი, შეწუხებული ხართ, არის ზეწოლა გარკვეულწილად, გთხოვთ, ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან გთხოვთ, შევიკავოთ თავი… შეიძლება, მე ამის შესახებ კომენტარი გავაკეთო, როცა მოძღვრისგან და ეპარქიისგან კურთხევა მექნება, შეიძლება მაშინ ვისაუბრო, თუ არ მექნება ლოცვა-კურთხევა, ვერაფერსაც ვერ გესაუბრებით.
მამა მიქაელი ამბობს და გვთხოვს, რომ ჯობია ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან თავი შევიკავოთ, თუმცა, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ თხოვნას ვერ ვასრულებთ.
“გურია ნიუსთან” ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო რამაზ ნიკოლაიშვილის პრესსამსახურმა მაია სიხარულიძემ: _ როგორ შეიძლება, ეს ინფორმაცია იყოს სიმართლე?! როგორ შეიძლება ჯვარი მამაოს აჰყაროს ჩვეულებრივმა ადამიანმა? ეს არის აბსურდი. კატეგორიულად უარვყოფთ და მეტიც _ ეს არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი. არ ვადასტურებთ ინფორმაციას.
რამაზ ნიკოლაიშვილის პრესსამსახურთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე წუთში მამა მიქაელი ისევ დაგვიკავშირდა და კიდევ ერთხელ მოგვმართა თხოვნით, რომ თავი შეგვეკავებინა ამ საკითხის გაშუქებისგან.
კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბში ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ: _ არა მარტო შტაბი, საერთოდ იმ ეკლესიის მრევლი და არა მარტო მრევლი, ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი თუ ნიკოლიშვილი, ზეწოლას ახორციელებს სასულიერო პირებზე. ჩვენ შტაბში ამასთან დაკავშირებით არა ერთ ინფორმაციას ვფლობთ; კონკრეტულად კი სამი დღის წინ მოხდა ეს ფაქტი, როცა რამაზ ნიკოლაიშვილს პირადად დაურეკავს სოფელ ნატანების მოძღვრისთვის. იმის გამო, რომ ეს სოფელი და მრევლი, ფაქტობრივად, არის მისი მოწინააღმდეგე. რამაზ ნიკოლაიშვილმა მისცა თავს უფლება, რომ ზარი განეხორციელებინა, რომელიც იყო კონკრეტული მუქარა, რომ ამ მოძღვარს აყრიდა ჯვარს და დააყენებდა იმ ფაქტის წინაშე, რომ ამის შემდეგ ის სულიერი მამა ვეღარ იქნებოდა. ეს არის გაუგონარი მკრეხელობა და თავხედობა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სოფელ ნატანებში მრევლი და ამომრჩევლები, იმის გამო რომ ეს მუქარა და ზეწოლა უკავშირდებოდა საარჩევნო კამპანიას, აპირებდა დაძრულიყო ფეხით რამაზ ნიკოლაიშვილის საარჩევნო შტაბთან და ამასთანავე, მას შეიძლებოდა შეერთებოდა სხვა სოფლების მრევლიც, მაგრამ მამა მიქაელმა გამოიჩინა განსაკუთრებული წინდახედულება, და სთხოვა მრევლს, რომ მათ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგათ, ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. გვინდა გადავუხადოთ, _ ამბობს კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წევრი აკაკი სიხარულიძე მთელი შტაბის სახელით.