მან ვერ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომ არ გაგვართხილეს ამ სამუშაოების შესახებ ადრე, რომ ჩვენ ინტერნეტის მოწოდების ალტერნატიული გზები მოგვეძებნა და სათაო ოფისში გადაგვამისამართა.
ჩვენ, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვრეკავდით “სილქნეტში”, სადაც ოპერატორი გვიმტკიცებდა, რომ ინტერნეტის მოწოდება მალე აღდგებოდა, თუმცა, მომსახურება არ აღდგა, ამიტომ ჩვენ იძულებულნი გავხდით, გვიან საღამოს შესაბამისი განცხადება გაგვეკეთებინა.
ინტერნეტის მოწოდების აღდგენა მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი, რის შემდეგაც კომპანია “სილქნეტმა” განცხადება გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ”:
“საინფორმაციო სააგენტო “გურია ნიუსმა” გუშინ, 29 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კომპანია სილქნეტი “მიზანმიმართულად” უზღუდავს მათ ინტერნეტ მომსახურებას და რომ არჩევნების წინ “გურია ნიუსის” მუშაობას რამდენიმე დღით აფერხებს. გვინდა განვაცხადოთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არანაირი მცდელობა შეგვეზღუდა ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, ან რაიმე სახით შეგვეფერხებინა “გურია ნიუსის” მუშაობა.
გაცნობებთ, რომ გუშინ, 29 სექტემბერს, ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობდა რამდენიმესაათიანი გეგმიური ტექნიკური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოხდა სილქნეტის საკომუნიკაციო კარადის ადგილის ცვლილება. უფრო კონკრეტულად, ჭავჭავაძის #2-ში მდებარე სილქნეტის კარადის გადატანა საჭირო გახდა იმის გამო, რომ ამ ადგილას ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში ფასადების შეკეთება მიმდინარეობს. სილქნეტის ტექნიკურმა პერსონალმა საკომუნიკაციო კარადა 29 სექტემბრის დილას მოხსნა და იმავე დღეს დაამონტაჟა რუსთაველის #6-ში. სწორედ ამ სამუშაოების გამო, მომსახურება გაეთიშა ჭავჭავაძის #4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, სადაც მდებარეობს “გურია ნიუსი”. მომსახურება გუშინ საღამოსვე აღდგა.
ამჟამად “გურია ნიუსის” ოფისს ინტერნეტი შეუფერხებლად მიეწოდება. ვწუხვართ, თუ რამდენიმესაათიანმა ტექნიკურმა სამუშაოებმა შეაფერხა “გურია ნიუსის” საქმიანობა და ვთხოვთ მის ხელმძღვანელობას, გაავრცელოს ჩვენი პასუხი მათივე ვებგვერდზე.
კომპანია “სილქნეტი”