“კამპანიაში “ეს შენ გეხება” შემავალმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, კოალიციამ “მედია ადვოკატირებისათვის”,” აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ”, 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და “ელჩების სამუშაო ჯგუფმა”, რიგითმა ამომრჩევლებმა თუ ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მრავალჯერ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, საქართველოში “Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების არჩევნების დღეს და მის შემდეგ გავრცელებასთან დაკავშირებით. ყველა ამ ორგანიზაციისა თუ გაერთიენებისთვის “Must Carry”-სა და “Must offer”-ის მოქმედების ვადის დასრულება არჩევნების წინა დღეს მიუღებელია, რადგანაც ამ პრინციპების შეჩერება ნეგატიურ გავლენას მოახდენს მედია გარემოზე და საარჩევნო პერიოდზე.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საჯარო განცხადებებში პარლამენტის თავმჯდომარემაც, ბატონმა დავით ბაქრაძემ პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული პრინციპების გაგრძელების შესაძლებლობა და აღნიშნა: “მასთ-ქერის” დასრულება იმას არ ნიშნავს, რომ საკაბელოებმა და ტელევიზიებმა უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა. მათ შეუძლიათ თანამშრომლობა გააგრძელონ. ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერ შეთანხმებას, ნებისმიერ საკაბელო მაუწყებელსა და ტელევიზიას შორის იმის თაობაზე, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს”. საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში რამდენიმე დღის წინ გამოსვლის დროს “Must Carry”-სადა “Must offer”-ის პრინციპების დანერგვა მთავრობის ერთერთ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.
მიუხედავად მრავალმხრივი შეთანხებებისა და დაპირებებისა, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა “Must Carry”-სა და Must offer-ის პრინციპების დაცვის თაობაზე ზოგიერთ რეგიონში უკვე ფიქსირდება.
საკაბელო ოპერატორებს, საერთო და რეგიონულ მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, დღეს – ქვეყნისათვის და საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ყველაზე მაღლა დააყენეთ ამომრჩევლების ინტერესი და ნუ დაუშვებთ:
• Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედების საკუთარი შეხედულებების მიხედვით შეწყვეტას;
• მაუწყებლობის სიგნალის გატარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას;
აქვე გაცნობებთ, რომ მთელ წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით 29 სექტემბრიდან და არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე ვაკვირდებით ყველა ცალკეულ შემთხვევას, რომელიც აღნიშნულ სფეროში კანონდარღვევების თუ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების იგნორირებას შეეხება.