თუ დაავალებდნენ, ის მზად იყო თავი აეფეთქებინა სააკაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას სიახლოვეს და ამით ეძია შური ლოპოტას ხეობაში ქისტი ახალგაზრდების დახოცვის გამო. მას არ ჰყავს ქმარი და შვილები და მოწამეობრივ სიკვდილზე ოცნებობს.
პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის მიმდევართა რიცხვი დღითიდღე იზრდება _ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდები თავისუფლად საუბრობენ სიკვდილზე, სამოთხეში მოხვედრაზე, ჯიჰადზე. არაბულ ენას ჯერ ადგილობრივ მეჩეთში სწავლობენ, მერე კი ისინი ხიზირს სწავლის გასაგრძელებლად ეგვიპტეში მიჰყავს. ამ ახალგაზრდებისთვის ვაჰაბიზმი სულიერებასთან ერთად კომფორტსაც უკავშირდება. ისინი ხედავენ, რომ პანკისელი ვაჰაბიტები არ მუშაობენ, მაგრამ მდიდრულად ცხოვრობენ, ჰყავთ ძვირფასი მანქანები, ლამაზი ცოლები, აქვთ ბინა თელავსა და თბილისში, შვილებს დედაქალაქის პრესტიჟულ სკოლებში ასწავლიან, სოფელში მათ პატივს სცემენ და თან ეშინიათ.
ხეობაში, სადაც არ არსებობს სპორტული დარბაზი, კლუბი, სადაც აკრძალულია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა და ხატვაც კი, ახალგაზრდებს სხვა გასაქანი, უბრალოდ, აღარ რჩებათ. მეჩეთში არაბული ენის სასწავლებლად გოგონებიც დადიან და ვაჰაბიტების ცოლობაზე ოცნებობენ. ახალგაზრდა თაობის ქალებს მოსწონთ და ეამაყებათ ქმრების ჯიჰადში ყოფნა.
პანკისელი ქისტი რუსლან მარგოშვილი სირიაში მოკლეს. მისი თავწაწყვეტილი გვამი მშობლიურ სოფელში ვერ ჩამოასვენეს და თურქეთში დაკრძალეს. მოკლულს დარჩა მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.
“მისი ბავშვები და ცოლი სხვებზე უკეთესად იცხოვრებენ. დაღუპული მოჯაჰედის ოჯახს ხელისგულზე ატარებენ. ცოლიც ბედნიერი იქნება, სხვა კაცზე გათხოვდება,” _ გვეუბნება 23 წლის ასმათი, რომელიც მალე ადგილობრივი ვაჰაბიტის ცოლი გახდება
დაღუპული მოჯაჰედის ცოლზე დაქორწინება და მისი ობლების პატრონობა, ჯიჰადს უტოლდება. ასეთ კაცს მუსულმანები დიდ პატივს სცემენ. ამიტომაც ქვრივ ქალს აქ ყოველთვის აქვს მეორედ გათხოვების შანსი.
პანკისის ხეობას ახალგაზრდები ტოვებენ _ ისინი სირიაში, ამბოხებულების მხარეს იბრძვიან
“17-20 წლის ბალღები არიან. მეჩეთში დადიან, ამბობენ, არაბულს ვსწავლობთ და ვლოცულობთო, მერე მოულოდნელად ქრებიან ოჯახებიდან. ძველი ტრადიცია მოიშალა, ახალგაზრდები არაფრად აგდებენ მშობლებს, არაფერს ეკითხებიან. არადა, ჯიჰადში წასული ვაჟკაცი დედამ უნდა გააცილოს, დალოცოს. სხვაგვარად ჯიჰადი არ იქნება. ახალი წესები შემოაქვთ, ვერაფერი გაგვიგია,” _ აცხადებს 67 წლის დუისელი თამაზი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ორი დღის წინ, 20 წლის ადლანი მეჩეთში სალოცავად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ადლანი ოჯახის ერთადერთი შვილია და დედამ მისი წასვლა ძალიან განიცადა. მამა ვაჰაბიტია და სავარაუდოდ, შვილს გადაწყვეტილება მოუწონა. პანკისში ამბობენ, რომ თითო ვაჰაბიტი ყველა ოჯახშია. ამიტომაც ვაჰაბიზმის გაძლიერებაზე ხმამაღლა ვერავინ საუბრობს _ საკუთარ შვილებთან დაპირისპირებას ყველა ერიდება.
“ჩემი ბიჭები ავსტრიაში ცხოვრობენ ლტოლვილის სტატუსით. ოჯახები ჰყავთ, პატარა შვილებს ზრდიან. ერთი კვირის წინ ერთ-ერთმა დამირეკა, სირიაში მივდივარ საომრადო. თხოვნამ და ხვეწნამ რომ არ გაჭრა, დავემუქრე, თავს მოვიკლავ,-მეთქი. რა ვიცი, არ მგონია, დამიჯეროს,” _ ამბობს სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი ლეილა “გურია ნიუსთან” საუბარში.
ავსტრიასა და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების კომპაქტური ჩასახლებებია, სირიაში წამსვლელი ჯგუფების ორგანიზება ხდება. ქისტური წარმოშობის ლტოლვილები სირიაში წასვლამდე ჯერ პანკისში ჩამოდიან და აქ რამდენიმე დღე ჩერდებიან. ხშირად ისინი ისე ტოვებენ სოფელს, რომ წლობით უნახავ მშობლებთანაც არ მიდიან.
ორგანიზატორები
პანკისში ამბობენ, რომ ხეობაში ვაჰაბიზმის გაძლიერებას “ნაციონალური მოძრაობა” უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში ხელისუფლება აქ არჩევნებს სწორედ ვაჰაბიტების დახმარებით იგებდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი მათ პატივს სცემს, ნაწილს კი ეშინია.
ყველაზე მეტი ვაჰაბიტი დუისში ცხოვრობს. მათი თავშეყრის ადგილი დუისის ცენტრში ახლადაშენებული მეჩეთია. მეჩეთში ბავშვებს და ახალგაზრდებს არაბულ ენას ასწავლიან, არაბულს ასწავლიან რუსულ სკოლაშიც, სადაც პედაგოგად ვაჰაბიტების ყოფილი იმამი ხიზირ ბაღაკაშვილი მუშაობს.
როგორც ამბობენ, ვაჰაბიზმის გავრცელებით და ადგილობრივი ახალგაზრდების გადაბირებითაა დაკავებული მურად ქავთარაშვილი, რომელსაც ხის გადამამუშავებელი საწარმო აქვს დუისში; ომარ მარგოშვილი, რომელიც სურსათის მაღაზიას ამუშავებს. ასევე ზელიმხან (ზელო) ხანგოშვილი, რომლის სახელმაც ბოლოს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაიჟღერა. პანკისში ამბობენ, რომ ხანგოშვილი, შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი სანდრო ამირიძე და ახმეტის უშიშროების უფროსი ემზარ მაჩალიკაშვილი კურირებდნენ ლოპოტას ჯგუფის შეკრებას და ხეობაში გადაყვანას. როგორც პანკისელები ამბობენ, მაჩალიკაშვილის ნებართვის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება ხეობაში. დღეს ეს ჯგუფი ადგილობრივი და უცხოეთში მყოფი ქისტების სირიაში გამგზავრებითაა დაკავებული.
ზელიმხან ხანგოშვილი ამ ჯგუფში ყველაზე გამოცდილი ლიდერია. 2008 წლის მაისში ზელიმხან ხანგოშვილი რუსულმა სპეცსამსახურებმა არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფის შექმნაში დაადანაშაულეს.
მაშინ რუსეთის სპეცსამსახურებმა პანკისელი რამზან თურქოშვილი დააკავეს და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი: “თურქოშვილის ჩანერგვა მოხდა შს სამინისტროს უშიშროების ოფიცერ ზურაბ ოტიაშვილის და ვინმე გიორგის მიერ. ისინი დაკავშირებულები იყვნენ პანკისში მცხოვრებ ზელიმხან ხანგოშვილთან. ხანგოშვილი იმ ტერორისტული ჯგუფის მეთაურია, რომელსაც პანკისში მალავენ. 2004 წლის ზაფხულში ზელიმხან ხანგოშვილის ჯგუფმა არა ერთი ტერორისტული აქტი განახორციელა ინგუშეთში,” _ ეს ინფორმაცია 2008 წლის მაისში სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა. შოთა უტიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით განცხადება გააკეთა და რუსეთის ბრალდება უარყო.
თვითმხილველების თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი, სანდრო ამირიძე და მურად ქავთარაშვილი ბოლოს არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ ომალოში ნახეს. “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების შემდეგ, ისინი ხეობას გაერიდნენ და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად სირიაში გაემგზავრნენ.
“არჩევნების შემდეგ, დაახლოებით, ათამდე ბიჭი გადაიყვანეს სირიაში. უმრავლესობა მურად ქავთარაშვილის ხის გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობდა. სწორედ მურადის მიერ ხდება ბიჭების გადაბირება. სხვადასხვა მუსულმანური ორგანიზაციებიდან ხეობაში ძალიან ბევრი ფული შემოდის. ფულს ადგილობრივი ვაჰაბიტები და სამართლადამცავები იყოფენ. ჩვენი შვილების ხარჯზე მდიდრდებიან, ბიჭებს კი მხოლოდ სამოთხეში მოხვედრას სთავაზობენ,” _ აცხადებს დუისის ერთ-ერთი მკვიდრი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს, პანკისში ლოპოტას ხეობიდან გადმოსული ლეკებიც შენიშნეს. ხეობაში იმატა ე.წ. არაბი ტურისტების რიცხვმაც, რომლებიც ტურისტებისთვის უჩვეული სიხშირით დადიან მეჩეთში და ხვდებიან ადგილობრივ იმამს. პანკისელების თქმით, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჰაბიტები ზოგჯერ “არაბი ბიზნესმენების” სტატუსითაც ინიღბებიან და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა ოჯახებში ცხოვრობენ..
“ხეობაში დიდი ფული ტრიალებდა. აქ შემოსული სამი მილიონიდან ორ მილიონზე მეტი უშიშროებას მიჰქონდა. სხვათა შორის, ლოპოტას ხეობაში ჩვენს ბიჭებს ტომრებით მიჰქონდათ ფული. როცა მიხვდნენ, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი და ალყაში იყვნენ, ტომრებს ცეცხლი წაუკიდეს, ამათ რატომ უნდა დარჩეთო. უშიშროებამ ფულის ამბავი იცოდა. როგორც კი კვამლი დაინახეს, მიხვდნენ, რაც ხდებოდა და მაშინვე დაიწყეს ბიჭების დაბომბვა. რამდენიმე ტომარა გადარჩა დაწვას და ის ფული ქართველ სამართალდამცავებს დარჩათ,” _ აცხადებს ბაჰაუდინი “გურია ნიუსთან” საუბარში.
პანკისელები ფიქრობენ, რომ სირიაში წამსვლელი ბიჭების გადაბირება ფულის დაპირებით არ ხდება: “ესენი პატარა ბიჭები არიან, ერთი-ორჯერ მანქანას ათხოვებენ, მერე ტელეფონში ჩაურიცხავენ ფულს, შეიძლება ცხვარიც დაუკლან და აქეიფონ. ამ ბავშვებს უკვე ისე აქვთ ტვინი გადატრიალებული, არაფერი უნდათ, ისედაც წავლენ საომრად და სიხარულით დაიხოცებიან. არ ვიცი, ჩიპებს უდებენ ტვინში თუ როგორ ახერხებენ ამას. აღარაფერი აინტერესებთ ჩვენს ახალგაზრდებს, არც მუსიკა, არც გართობა, არც სასმელს სვამენ, არც სიგარეტს ეწევიან და დადიან წვერმოშვებულები”, _ გვეუბნება ერთ-ერთი ვაჰაბიტი ბიჭის მამა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, სირიაში მხოლოდ პანიკისელი ვაჰაბიტები არ მიდიან. ჯგუფების შეკრება ხდება აჭარასა და გურიაშიც, სადაც ასევე ცხოვრობენ ვაჰაბიზმის მიმდევარი ოჯახები. რამდენიმე მათგანმა გურია დატოვა და პანკისში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დუისში ცხოვრობს ოზურგეთიდან გადმოსული ვაშაყმაძეების ოჯახი _ დედა სამი შვილით. ქმარი ჩეჩნეთში აფეთქდა, ვაჰაბიტმა დედამ კი შვილების მუსულმანური წესით აღსაზრდელად პანკისი შეარჩია. მისი მერვეკლასელი ქალიშვილი თანატოლების მსგავსად, სკოლაში ორმაგი თავშლით და კოჭებამდე კაბით დადის, რისი საშუალებაც მას ოზურგეთში არ ექნებოდა.
პანკისის სამი სოფლიდან სირიაში დაახლოებით 20-30 ახალგაზრდაა წასული: ასლან დ. _ სირიაში წასვლამდე მურად ქავთარაშვილის ხის საამქროში მუშაობდა; რამაზ ხ. _ პეტრე ცისკარიშვილის ჩარევით სხვა ხუთ ახალგაზრდასთან ერთად ვადაზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან. მას სხვების მსგავსად 50 ხმა უნდა მიეტანა ნაციონალებისთვის. როგორც დუისში ამბობენ, რამაზი არჩევნების შემდეგ სირიაში წავიდა საომრად.
ამ დღეებში სირიიდან ათკაციანი ჯგუფი დაბრუნდა პანკისში.
არბი ყვება, რომ სირიაში საკმარისი იარაღი არ აღმოჩნდა და ჯგუფი უკან გამოუშვეს საყვედურით: თქვენი იარაღით უნდა ჩამოსულიყავითო. რამდენიმე დღეში ისინი უკან აპირებენ წასვლას.
ჩვენი ინფორმაციით, პანკისელი ახალგაზრდები თურქეთში ავტობუსებით გადაჰყავთ. ადგილზე მათ სხვა ჯგუფი ხვდება, რომელიც მეომრების სირიაში გადაყვანაზეა პასუხისმგებელი.
ოჯახებიდან გაუჩინარებული ბიჭები სახლებში რეკავენ და მშობლებს არწმუნებენ, რომ თურქეთში სამუშაოდ არიან წასულები.
პანკისში არსებული მდგომარეობის შეფასება “გურია ნიუსმა” კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილს სთხოვა. კასრელიშვილი აცხადებს, რომ რელიგიური კონფლიქტების სახით ქვეყანას სერიოზული საფრთხე ემუქრება: “პანკისის ხეობაში არ ცხოვრობს იმ რაოდენობის ახალგაზრდა, რომ მათი ხეობიდან გადინება კატასტროფული მოვლენა იყოს. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ვაჰაბიტია და მიდის, რა უნდა ქნა _ დაიჭერ, რელიგიას აკრძალავ , ზეწოლას მოახდენ თუ რა?”
კასრელიშვილი ფიქრობს, რომ პანკისთან და ზოგადად რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებში შესაცვლელია სახელმწიფო პოლიტიკა. მისი აზრით, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დასაქმდება ჩვენს ქვეყანაში და მეტ ადამიანს ექნება დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, მით უფრო გაუჭირდებათ ქვეყნის გარედან მებრძოლებზე მონადირეებს ახალგაზრდების გადაბირება .
“ქვეტექსტი არის ის, რომ ესენი არიან დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც კარგად უხდიან. ეკონომიურ სიკეთესთან ერთად ისინი მოტივირებულები არიან იმით, რომ ღმერთს ემსახურებიან. ამიტომ ამ პროცესის გაჩერება ძალიან რთული მგონია. თავის დროზე, ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ეფიქრა ამ პრობლემებზე, კარგი იქნებოდა, გაეძლიერებინათ სპეცსამსახურები და არ შემოეშვათ ეგრეთ წოდებული “პაკუპატელები”, რომლებიც ფულითა და მომხიბვლელი ისტორიებით აგიჟებენ ამ ახალგაზრდებს.
ახალგაზრდებს ხიბლავთ ფულიც, თავგადასავლებიც, ღმერთის სამსახურიც,” _ აცხადებს ზაალ კასრელიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში.
კასრელიშვილი ფიქრობს, რომ ეს პროცესი გლობალური პოლიტიკის ნაწილია, რადგან სირიაში ბრძოლა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს და სალაფიდებს ანუ ვაჰაბიტებს მის წინააღმდეგ იყენებენ. მისი თქმით, პროცესის დასრულებისთანავე ვაჰაბიტებს მოიშორებენ, თუმცა, როდის მოხდება ეს და ამასობაში რა საფრთხე დაატყდება ჩვენს ქვეყანას, არავინ იცის: “უახლოეს 2 წლის პერსპექტივას გეუბნებით _ კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ძალიან მძიმე სურათია, ბევრი ვაჰაბიტია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებში, ასევე ბევრი ცხოვრობს თბილისსა და თბილისის შემოგარენში. უბრალოდ, ესენი უფრო კარგად არიან შენიღბულები. პანკისელები ალალები არიან და არ მალავენ. სალაფიდების გარდა, საქართველოში 200 ათასზე მეტი შიიტი ცხოვრობს. ისინი პირდაპირ იმართებიან ირანის შიიტური ორგანიზაციებისგან. როგორც კი ირანში მდგომარეობა დაიძაბება და ეს 2013 წლის გაზაფხულზე ობამას არჩევნების შემდეგ მოხდება, საქართველო ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. შეიძლება თვითონ ეს თავში არც მოუვიდეთ, მაგრამ შეიხებისგან, გარედან რომ მოუვათ ბრძანება, ტერაქტებშიც მიიღებენ მონაწილეობას, და რა მიმართულებითაც გაუშვებენ იმ მიმართულებით იბრძოლებენ.
ამიტომ გთხოვთ, მოუწოდეთ თქვენს კოლეგებს, ყურადღება გაამახვილონ ამ თემებზე, თორემ უბედურება კარზეა მომდგარი. ამ უბედურებამ დაკაკუნებაც არ იცის _ პირდაპირ შემოდის ოჯახში,” _ აცხადებს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე.