“ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მცდელობები დაამახინჯონ რეალობა და მართლწესრიგის დასამყარებლად ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები დაუკავშირონ სახელმწიფოს ჩამორჩენას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ნაციონალური მოძრაობის ასეთი პროპაგანდა უსაფუძვლოა. ხელისუფლებაში ყოფნისას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი ქმედებები მნიშვნელოვნად უპირისპირდებოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ფასეულობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვნებს.
ამჯერად, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის საქმიანობას.
საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ; ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების შესახებ კოალიციის მიერ განცხადებული მიზანი ემსახურება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანას.
ხელისუფლება სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, სახელდობრ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, განიხილება როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
საერთაშორისო ურთიერთობათა ამ კურსის წარმატებული რეალიზაციისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის, პრემიერის, აღმასრულებელი სტრუქტურების ინტენსიური თანამშრომლობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან, აუცილებელია თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საპარლამენტო უმცირესობას სრულად გაიზიაროს პასუხისმგებლობა საქართველოს საზოგადოების წინაშე, უარი თქვას დესტრუქციულ, უსაფუძვლო დემარშებზე და განცხადებებზე, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მათ შორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს”.