_ ოზურგეთელი ჩინოვნიკები სოფელ-სოფელ, რესტორან-რესტორან თანამდებობებზე დარჩენას აღნიშნავენ, ეს განწყობა კი ოზურგეთელ პოლიციელებსაც გადაედო. მინდა, მათ შევახსენო, რომ 2011 წლის 26 მაისს, ღამით, მომიტინგეთა სასტიკ დარბევაში მონაწილეობდნენ. სატელიტური ანტენების დადგმის გამო, პოლიციაში დაკითხვებზე იბარებდნენ მოქალაქეებს, 31 სექტემბერს ურეკავდნენ “ქართული ოცნების”,აქტივისტებს და 2 ოქტომბერს იბარებდნენ დაკითხვაზე… ხალხს კი, იმ ხალხს, რომელსაც არჩევნების დროს აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, არ სურს, რომ ისინი ისევ თანამდებობაზე იხილოს. ოზურგეთში რამაზ ნიკოლაიშვილი არ ჩანს, თორემ ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, კვლავ თანამდებობაზე არიან, კვლავ ცუდ საქმეებს აკეთებენ, _ განაცხადა პრესკონფერენციის დროს ლელა ნაცვალაძემ.
მისივე თქმით, ისევ ძველი დრო რომ არ დაბრუნდეს, აუცილებელია, ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმა უნდა ამოიღონ. ის ქმედებები, რასაც არჩევნების დროს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, დასაგმობია.ვხედავთ კი საპირისპიროს _ სისტემაში რჩებიან ძველი კადრები.
_ გურიაში ბაჩო ახალაის კადრები კვლავ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ. ჩვენ კარგად გვახსოვს მათი ქმედებები. ეს პრესკონფერენცია იმისთვის ჩავატარეთ, რომ ყველამ კარგად გაიგოს, ხალხს სჭირდება ცვლილება და ამ ცვლილებებში შედის ძველი კადრების წასვლა, _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.