ქავთარაძის განცხადებითვე ტელევიზიის შტატგარეშე თანამშრომელთა მატერიალური წახალისებაც იგეგმება. ტელევიზიას 200-ზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს, ხოლო საშტატო მხოლოდ – 45. საშტატო თანამშრომლები კვარტალურად იღებენ პრემიებს, ხოლო არასაშტატო თანამშრომლებს მხოლოდ წლის ბოლოს ეძლევათ ფულადი წახალისება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტელევიზიის თანამშრომელთათვის პრემიების გაცემას მხარი დაუჭირა. “მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ წახალისდნენ ჟურნალისტები, მაგრამ დასაბუთებულად გამოიტანეთ მომდევნო სხდომაზე,” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის ამ განცხადებას რეპლიკით უპასუხა აჭარის განათლების მინისტრმა. “ჩვენც გვყავს შტატგარეშე თანამშრომლები და ნუ ჩაგვაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში და ეს ნუ იქნება პრეცედენტული,” – განაცხადა თავამაიშვილმა.
განათლების მინისტრს დაეთანხმა ფინანსთა მინისტრიც, რის შემდეგაც, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დასაბუთებულად და არგუმენტირებულად საკითხი მომდევნო სხდომაზე გამოიტანონ.
მიმდინარე წელს, აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 5 მილიონზე მეტია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეკონომია მოხდა ტელევიზიის ბიუჯეტში და საახალწლო ღონისძიებაზე წამყვანების ჩაცმულობისათვის გამოყოფილი 25 ათასი ლარი აღარ გამოიყოფა. სწორედ ამდენი დაჯდა გასულ წელს საახალწლო ღონიძიებაზე წამყვანების ტანისამოსი.