ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ციტრუსის განბაჟება 1100 დოლარი ღირდა, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ აჭარის მთავრობაში განაცხადეს, რომ ფასი 600 ამერიკულ დოლარამდე შემცირდა.
დღეს კი მთავრობის თავმჯმდომარისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ განბაჟების ფასი ისევ გაზარდა.
“ეს, ალბათ, კონკურენტული გარემო იყო. სხვა ქვეყნებსაც უნდოდათ ფასის დაწევა და ალბათ ამიტომ, გააძვირა უკრაინულმა მხარემ,” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ეს “რაღაც” ძალების მიერ ხელოვნურად ხდება რათა ციტრუსის სეზონი ჩავარდეს: “უკრაინამ გაგვიძვირა განბაჟება და ამის უკან რაღაც ძალები დგას. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომ წელს ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აქამდე ვერავინ გააკეთა,” – განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე არჩილ ხაბაძემ.
მთავრობის სხდომაზევე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ უკვე გატანილია 3000 ტონამდე ციტრუსი, რაც წინა წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით მთლიანი მოსავლის 6%-ს შეადგენს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ციტრუსის ფასმა საბაჟო გადასახადის კლების შემდეგ, გლეხის სასარგებლოდ 5-10 თეთრით მოიმატა, მაგრამ შენარჩუნდება თუ არა ეს ფასი, ჯერჯერობით, უცნობია.