“2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა, კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.
აღნიშნულ ფაქტზე, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე.
იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა,” _ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილმა ბრალდებას აბსურდული უწოდა.
“უკვე ორი თვეა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ის სერიოზულად ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ ყალბი პასპორტით ვცდილობდი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში გაფრენას. ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება”, _ განაცხადა მერაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენების მისაცემად დღეს დაიბარეს.