ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა:
_პატიმარი იყო დაავადებული ტუპერკულიოზით, ჩემს მიერ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში ხუდადოვზე. პარალელურად, ტუბერკულიოზის ცენტრში გავაგზავნე საბუთები გადავადებაზე, მაგრამ რადგან ამ პროცედურისთვის დიდი ხანი იყო საჭირო, ეს ძალიან გრძელი პროცედურაა და ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ გავიყვანეთ ასევე უზუსტობის სიაზე, ანუ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაზე და გავათავისუფლეთ. ანუ პატიმარი, როცა გარდაიცვალა, ის უკვე იყო პირობით ვადამდე გათავისუფლებული და იმყოფებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში ხუდადოვზე. სამწუხაროდ, საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის ამდენი წლის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში იხდიდა სასჯელს.
როცა მე მინისტრი გავხდი და ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიგე, უკვე ის ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო. ის უშუალოდ ჩემი დავალებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და როცა გარდაიცვალა, გათავისულებული იყო პირობით ვადამდე შესაბამისი კომისიის მიერ.
_ბატონო სოზარ, გარდაცვლილის ოჯახი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, სოფელში ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა ოჯახს ამ ფაქტის გახმაურებისგან თავის შეკავება ურჩია, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ გამორიცხულია, ეგეთი რამ არ არსებობს, ვერავინ დაემუქრებოდა, თუნდათ იმის გამო, რომ პატიმარი კი იყო, მაგრამ ის იყო პირობით ვადამდე გათავისუფლებული. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზორბეგი ხუხუნაიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებში იყო და დაავადდა.
_რა გარემოებაში გარდაიცვალა და როგორ, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით, მეც ვიცი ისე, როგორც თქვენ გაიგეთ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან სამწუხაროა, როცა სოფელში ახალგაზრდა ბავშვს ჩამოასვენებენ, უკვე დაკრძალეს. როგორც გავიგე, გამოსულა საპატიმროდან და სამი საათის შემდეგ გარდაცვლილა საავადმყოფოში. რაიმე ცემის ფაქტი, ან სხვა რაიმე სახის ზეწოლის შესახებ არავის უთქვამს. როგორც ამბობენ, ის ციხეში დაავადდა და მძიმე სენით გარდაიცვალა, -_ აცხადებს დეპუტატი “გურია ნიუსთან”.